თელავის იუსტიციის სახლის ფილიალმა სამუშაო პროცესი განაახლა

19 Mar 2020 18:48

თელავის იუსტიციის სახლის ფილიალმა სამუშაო პროცესი დღეს 09:00 განაახლა. თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტის გამოვლენის გამო, თელავის იუსტიციის სახლის ფილიალში სამუშაო პროცესი 17-18 მარტს, დეზინფექციის ჩატარების მიზნით დროებით იყო შეჩერებული. 

  

აღნიშნულ ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება  მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითიზოლაციის წესების დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა. მოქალაქეები პოლიციის თანამშრომლებმა საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანეს. ანალოგიური მიზეზით დროებით არის დახურული გლდანის საზოგადოებრივი ცენტრიც. 


იუსტიციის სახლი მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.


რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ,   ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისა და მომსახურების დარბაზებში ხალხმრავლობის  განტვირთვის მიზნით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, მოქალაქეთა დაშვება მკაცრად შეიზღუდა.


სივრცეებში არ დაიშვებიან, როგორც მომსახურების მისაღებად მოსული მოქალაქეების  თანმხლები პირები, ასევე ის მომხმარებლები, რომლებიც ბავშვებთან ერთად გამოცხადდებიან. 


სპეციალური ჯებირები დამონტაჟდა ასევე თბილისის იუსტიციის სახლის ჯასთ-დრაივის სარკმელებთან, სადაც 14 მარტის გადაწყვეტილების თანხმად, მზა დოკუმენტების გაცემა ხორციელდება.  აღნიშნული გადაწყვეტილება  მომსახურების სივრცეში ხალხმრავლობის შეზღუდვას უკავშირდება.


აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის იუსტიციის სახლში დასრულდა ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე, საკონსულტაციო და უცხოენოვან მომხმარებელთა სივრცეებში მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი. მინის ბარიერით თბილისის იუსტიციის სახლის 328 მაგიდა აღიჭურვა.   


ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომების მიღება იუსტიციის სახლმა მიმდინარე წლის 2 მარტიდან დაიწყო:


რეგულარულად ხორციელდება  მომსახურების დარბაზებისა და სამუშაო ოთახების სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია;

დღეში რამდენჯერმე ხორციელდება სამუშაო ზედაპირების, კარის სახელურების, თვითმოსახურების სივრცეში არსებული ფოტოჯიხურებისა და მომხმარებელთა მოსაცდელი სივრცეების ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშვება;  

სალაროებისა და საკონსულტაციო სივრცის მიმდებარე ტერიტორიებზე მოწყობილია ხელის სადეზინფექციო კუთხეები. წინა ხაზის თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია პირბადით, ხელთათმანითა და ხელის სადეზინფექციო ხსნარით;    

მომხმარებელსა და ოპერატორს შორის დისტანციის გაზრდის მიზნით, ყველა მაგიდასთან კლავიატურა დაგრძელებული სადგამით აღიჭურვა, რაც სრულად უზრუნველყოფს   ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ 1 მეტრიან დისტანციას.


აღნიშნული ღონისძიებები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ფარგლებში ხორციელდება. იუსტიციის სახლი მოგიწოდებთ, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

 


კომენტარები:

ფართი შოპი