პაატა ბურჭულაძის შვილის თანამშრომელი კორონავირუსის შესახებ, თავის ახლობლებს ჯანდაცვის სამინისტროს სახელით გაეხუმრა

20 Mar 2020 02:04

ჩემი ინფორმაციით, დაკავებული არავინ არის. ცუდად დაემთხვა, რომ მთავრობის მიერ მოქალაქეებისთვის შეტყობინებების გაგზავნის შემდეგ ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი გაეხუმრა ოჯახის წევრებს - დედას, დას და ორ მეგობარს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ განუცხადა.


მისი თქმით, ძალიან ცუდი რამ მოხდა, როცა მისმა თანამშრომელმა გოგომ გააგზავნა ექვსი მესიჯი. „ასეთი ცუდი ხუმრობის გამო ჩვენზეც მიიტანეს ეჭვი, რომ ჩვენგან ხომ არ გაიგზავნა ეს sms-ები. გარწმუნებთ, ეს ჩვენგან არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი გაირკვევა. თანამშრომლის ცუდი ხუმრობის გამო ასეთ უხერხულობაში გაეხვა ჩვენი კომპანია. წარმოდგენა არ გვქონდა ამის შესახებ. მერე გავარკვით, რომ ეს თანამშრომელი ცუდად გაეხუმრა თავის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და გაუგზავნა მესიჯები. ეს თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან“, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.


შუქრი ბურჭულაძის კუთვნილი კომპანია სარეკლამო შეტყობინენების გაგზავნაზე მუშაობს. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ოფისში დღეს საღამოს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ჩხრეკა კორონავირუსის შესახებ ცრუ sms შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდებოდა. შეტყობინების შინაარსი იყო ის, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით მთელი ქვეყანა იზოლაციაში უნდა მოქცეულიყო. sms შეტყობინებები ჯანდაცვის სამინისტროს სახელით გაიგზავნა.


კომენტარები:

ფართი შოპი