მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის თსუ 322-ე ადგილს იკავებს

20 Mar 2020 15:58

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი U.S.News&World Report-ის 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Best Global University Ranking) 113 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, ტარტუს უნივერსიტეტთან (ესტონეთი) ერთად 322-ე ადგილს იკავებს.


როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, თსუ საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში შედის. ამასთან, დარგობრივი რანჟირებით თსუ-მა ფიზიკის მიმართულებით 22 პოზიციით გაიუმჯობესა რეიტინგი და 256-ე ადგილს იკავებს.


„რეიტინგში თსუ ყველა უნგრულ და რუმინულ უნივერსიტეტზე წინ დგას და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტზე უკეთეს პოზიციას იკავებს;


რანჟირება 13 კრიტერიუმის მიხედვით ავლენს მსოფლიოს 1500 საუკეთესო კვლევით უნივერსიტეტს 81 ქვეყანაში. კავკასიის რეგიონიდან კრიტერიუმები მხოლოდ თსუ-მა დააკმაყოფილა;


მსოფლიოს 325 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის პოსტ-საბჭოთა სივრციდან თსუ-ის გარდა მხოლოდ ორი უნივერსიტეტია: ტარტუს უნივერსიტეტი და ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


U.S.News&World Report უკვე 30 წელია, რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რანჟირებას აქვეყნებს. რეიტინგების შედგენისას უნივერსიტეტები ფასდებიან აკადემიური და კვლევითი საქმიანობის და გლობალური / რეგიონული რეპუტაციის მიხედვით, ასევე ითვალისწინებენ პუბლიკაციების, სამეცნიერო წიგნების გამოცემის, კონფერენციების ხარისხს და ყველაზე ციტირებად პუბლიკაციებში უნივერსიტეტის წილს. სწორედ ამ კრიტერიუმებით შეფასდა თსუ-ის საქმიანობა“, - აცხადებენ თსუ-ში.


კომენტარები:

ფართი შოპი