პარლამენტში შემსვლელ პირებს თერმო-სკრინინგი უტარდებათ

20 Mar 2020 18:32

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და მის წინააღმდეგ ერთიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დღეიდან პარლამენტში შესვლაზე კონტროლი გამკაცრდა.


საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შემსვლელმა ყველა პირმა, მათ შორის,  დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა შენობაში შემოსასვლელად  შესაბამისი თერმო-სკრინინგის პროცედურა გაიარეს.


შენობაში  შემომსვლელთა ინდივიდუალურ, თერმო-სკრინინგს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური  სამედიცინო დეპარტამენტის მეთვალყურეობით ახორციელებს. შესაბამისი აღჭურვილობა პარლამენტს სპეციალურმა სამსახურებმა უკვე გადასცეს.


პირები, რომლებსაც შემოწმების შედეგად დაუფიქსირდებათ 37-ზე მაღალი ტემპერატურა, შენობაში არ დაიშვებიან და მიეცემათ რეკომენდაცია, რომ ექიმს მიმართონ.


დღეიდან პარლამენტის შენობაში დაიშვებიან მხოლოდ აპარატის თანამშრომლები და დეპუტატები.


საქართველოს პარლამენტის სასახლეში შემოსვლა ხდება მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის ერთი მხარიდან (C კორპუსის ზედა შემოსასვლელი). დროებით შეჩერებულია საშვების გაცემაც.


შეზღუდვები შეეხო მედიასაც. დღეიდან პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა. ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე მოხდება.



კომენტარები:

ფართი შოპი