საჭმელზე, ექიმზე უარი თქვა, სიკვდილი უნდოდა – დეტალები ესპანეთში გარდაცვლილი ქალის ცხოვრებიდან

20 Mar 2020 18:50

ესპანეთში მცხოვრებ, 74 წლის ქართველ ემიგრანტს, რომელიც კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა, საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება ჰქონია.

 

მისმა მეგობარმა, მანანა კუბლაშვილმა „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა:

 

„საოცარი ქალი იყო, ძალიან თბილი, გონიერი, სხვების დამხმარე. ჩვენ წლებია, ვიცნობთ ერთმანეთს. ბათუმში რამდენიმე დღით მის სახლშიც ვცხოვრობდი, როდესაც ჩემს ქალიშვილის (საოპერო მომღერალია) იქ სპექტაკლი ჰქონდა.

 

ქალბატონ გულნარას 3 ქალიშვილი ჰყავდა. უმცროსი გოგონა სტუდენტი გახლდათ, თურქეთში სწავლობდა და იქ გარდაიცვალა, ავარიით – ავტობუსი გადაბრუნდა და იქ მოჰყვა. ეს დიდი ხნის წინ მოხდა.

 

შვილის სიკვდილი ძალიან განიცადა, საჭმელზე, ექიმზე უარი თქვა – სიკვდილი სწყუროდა. ფაქტობრივად, ლოგინად ჩავარდა და ამის გამო ვერ მიხედა თავის საკმაოდ წარმატებულ ბიზნესს. გაკოტრდა და ვალები დაედო.

 

სხვების (მოვალეების) მიმართ ვალდებულების გრძნობა გაუჩნდა და ამის გამო ადგა მხოლოდ. რომ ვერაფერი გააწყო და დაქცეული საქმე ვეღარ წამოაყენა ფეხზე, პატრიარქთან მივიდა კურთხევისთვის, რომ საზღვარგარეთ წასულიყო და ვალები გაესტუმრებინა.

 

წლებმა მისი ტკივილი ვერ მოაშუშა. გამუდმებით გარდაცვლილ შვილზე ფიქრობდა, განიცდიდა, მაგრამ პარალელურად დარჩენილ ორ შვილზეც ზრუნავდა, ვალებიც პირნათლად გაისტუმრა.

 

როგორც მახსოვს, 20 წელზე მეტია, რაც ემიგრანტია, ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა, წელშიც გაიმართა. აქაური პენსიაც დაუნიშნეს და საქართველოში აპირებდა დაბრუნებას, რომ შვილებთან და შვილიშვილებთან ყოფილიყო, მაგრამ ურჩიეს, რომ იმ ქრონიკულ დაავადებეზე ემკურნალა ბარემ და ისე დაბრუნებულიყო საქართველოში.

 

ამის შემდეგ გადაწყვიტა, 1-2 წელი დარჩენილიყო, რომ ექიმებთან ევლო და ჯანმრთელობა გაეუმჯობესებინა, მაგრამ ახლა ეს კორონავირუსი დაემთხვა და სამწუხაროდ, ვერ გადაიტანა.

 

ძალიან განვიცადე, სიცოცხლით სავსე ქალი იყო, ასაკიც არ ეტყობოდა და როცა უკვე თავის ოჯახში უნდა დაბრუნებულიყო და მათთან ყოფნით გაეხარა, სწორედ მაშინ უმუხთლა ბედმა თუ ჯანმრთელობამ…

 

ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას…

 

„ამ სამყაროში… ყველაზე მძიმე, ყველაზე საშინელი გზა……შვილის საფლავისკენ მიმავალი დედის გზაა“. – წერს ფეისბუქში ქალბატონი გულნარა.


კომენტარები:

ფართი შოპი