პაატა იმნაძე: მეჩვენება, მორწმუნეების დევნის კამპანია იწყება ქვეყანაში, ფრთხილად ვიყოთ

22 Mar 2020 04:08

მეჩვენება, მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში. ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს გაუგებს. სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას. ფრთხილად ვიყოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, იყო გარკვეული უსამართლო თავდასხმები ჩინელებზე და მაშინ მედიას სწორი პოზიცია ეკავა.


პაატა იმნაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისას მიღებული რეკომენდაციები ყველას ეხება. „კომუნისტების პირველ ეტაპზე იყო მებრძოლ ღვთისმგმობელთა კავშირი. იმ მეთოდებით არ შეიძლება ეკლესიასთან ბრძოლა. რეკომენდაცია ეხება მორწმუნეს, ურწმუნოს, ეკლესიასთან მებრძოლს, რეკომენდაციები ყველას ერთნაირად ეხება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.


21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 49 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.


კომენტარები:

ფართი შოპი