თენგიზ ცერცვაძე: ბედის მადლიერი უნდა იყვნენ ჩვენი ის თანამოქალაქეები, რომლებიც ამ მომენტში საქართველოში აღმოჩნდნენ და არა უცხოეთში

22 Mar 2020 04:17

ძალიან კარგი საქმე გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ აამუშავა ონლაინ საკომუნიკაციო ხაზი, სადაც ჩვენი ცენტრის თანამშრომლები ონლაინ კონსულტაციებს უწევენ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც შეკითხვები აქვთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.


თენგიზ ცერცვაძის თქმით, მოსახლეობას აქვს ზოგჯერ ასეთი სისუსტე, რომ უცხოეთში ყველაფერი კარგია და ჩვენთან ცუდი.


„მინდა ვუთხრა საზოგადოებას ის მაგალითები, რაც ამ ონლაინ კონსულტაციების საფუძველზე დაგროვდა. მაგალითად, ბილბაოდან ცოლ-ქმარი დაგვიკავშირდა და გვეუბნება, რომ ის და მისი მეუღლე იყვნენ ავად, სავარაუდოდ, კორონავირუსით და გვკითხეს, როგორ მოქცეულიყვნენ. ავუხსენით, რომ პირველ რიგში მიეკითხათ სამედიცინო დაწესებულებისთვის. როგორც გვითხრეს, ისინი უკვე იყვნენ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც განუმარტეს, რომ პაციენტების სიმრავლე ჰქონდათ და საავადმოყოფოსთვის მიეკითხათ იმ შემთხვევაში, თუ სუნთქვის უკმარისობა დაეწყებოდათ. შემდეგ საკითხზე, რომ ანალიზი მაინც აეღოთ, რათა სცოდნოდათ ნამდვილად კორონავირუსი ჰქონდათ თუ არა, გვიპასუხეს, რომ ვერც ეს მოხერხდებოდა, რადგან ბილბაოში კორონავირუსზე ანალიზი არ ტარდება, სინჯი უნდა გაიგზავნოს მადრიდში და იქიდან პასუხის მიღებას დიდი დრო დასჭირდებაო. ანალოგიური კითხვები და ვითარებაა იტალიიდან და სხვა განვითარებული ქვეყნებიდანაც“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


მისი თქმით, რამდენიმე ადამიანი ამერიკიდან დაუკავშირდა მათ და უთხრეს, რომ უხარიათ, რომ მათი შვილები საქართველოში იმყოფებიან, რადგან კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში საქართველოში გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ამერიკაში.


„აქედან ორი დასკვნა გავაკეთე, ბედის მადლიერი უნდა იყვნენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ამ მომენტში საქართველოში აღმოჩნდნენ და არა უცხოეთში და მეორე, მინდა მივმართო მთავრობას, მათ მიმართვა არ სჭირდებათ, რადგან ისედაც იღებენ შესაბამის ზომებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 49 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა და კლინიკიდან უკვე გაეწერა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.


კომენტარები:

ფართი შოპი