„სულ რომ დაგვხვრიტონ, ყველა ეკლესიაში ვიქნებით“ – სასულიერო პირები გეგმებზე საუბრობენ

22 Mar 2020 04:25

წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველოში ზიარების წესი არ იცვლება და მრევლი ჩვეულებრივ განაგრძობდა სასულიერო ცხოვრებას. თუმცა, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდება და ერთ-ერთი მთავარი შეზღუდვა ადამიანთა შეკრებებზე დაწესდა.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განმარტა, ერთ სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა.

 

„პრაიმტაიმი“ თემის ანალიზისთვის მამა შალვა კეკელიას დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, უამრავი სასულიერო პირი ურეკავს და მათი პოზიცია ერთი და უცვლელია – შეუძლებელია ვინმეს ტაძარში მისვლა აეკრძალოს, თუმცა, უსაფრთხოების წესებს მკაცრად დაიცავენ.

 

„ძალიან რთულია ეკლესიამ მრევლში 10 ადამიანი გამოარჩიოს და რომელიმეს უთხრას, რომ არ მივიდეს. ამას ვერასდროს გააკეთებს. მღვდლის ამბიონიდან ვერ მოუწოდებს, 10-10 კაცი ჩაეწერეთო. ზოგიერთ ტაძარს მრევლში 1 000 კაცზე მეტი ჰყავს. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ვუთხრათ, არ იარონ ეკლესიაში.

 

ჩემს ტაძარში, (ფერისცვალების ტაძარი) ეზო გახმოვანებული გვაქვს. ამ წუთას ჩვენი ეზო საღებავებით იხაზება, რომ მრევლს შორის დაშორება მეტრა-ნახევარი იყოს. ადამიანები მონიშნულ წერტილებზე დადგებიან და ერთმანეთთან შეხება არ ექნებათ.

 

ტაძარში უფრო დიდი დაშორებები იქნება, ვიდრე ეზოში, რადგან ტაძარი დახურული სივრცეა. ქუჩის მეორე მხარესაც იქნება გახმოვანება და ხალხი იქაც გადანაწილდება.

 

ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია, წესების დაცვაა. მრევლს გამოვუცხადე, რომ ერთმანეთი არ გადაკოცნონ. თუ ვინმე შეუძლოდაა, არ მოვიდეს და ჩვენ მივალთ მასთან. ის, რომ ადამიანს უთხრა, ხატს არ ემთხვიო და წმინდა ზიარება არ მიიღო, ამას არ ვიტყვით. პირიქით, ეკლესია ადამიანებს ხატების მთხვევისკენ და ზიარებისკენ მოუწოდებს. ყველამ უნდა მოიფიქროს მსგავსი მეთოდი. მრევლს ვერ გამოვარჩევთ. ჩვენთან შვილმკვდარი დედები მოდიან. მათ ვეუბნებოდით, თუ გინდათ გარდაცვლილ შვილებთან კონტაქტი, ეკლესიებში უნდა იაროთ, ამ ადამიანებისთვის ეკლესია შველაა. ამათ როგორ ვუთხრათ, ტაძარში არ იარონ?!

 

ამაზე ძლიერი დაავადებები იყო. ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ვინმეს ეთქვას, რომ არ იარონ. არანაირი უფლება არ აქვს არავის, ხალხს ტაძარში სიარული დაუშალოს.

 

ქრისტეს ქადაგებისა და ზიარების გამო თუ დავისჯები, მე მზად ვარ ამისთვის. ასე ისჯებოდნენ მღვდელი კომუნისტების დროსაც. ტაძრები დახურეს, აბანოები გახსნეს მათ ნაცვლად, აგერ, 90 წლის წინ. 100 000 მოწამის ერი ვართ, ქრისტიანები მზად იყვნენ ხატები არ შეებილწათ და თავები დაიხოცეს. მე შეიძლება ვირუსი შემხვდეს და არ მოვკვდე, ამის გამო ქრისტეზე უარს ვიტყვი?!

 

სიტყვა ეკლესია ბერძნულია და ქართულად ხალხთა შეკრებას ნიშნავს, თუ ხალხი არ შეიკრიბა მაგიურ მსახურებას ხომ არ ვასრულებთ?! მაშინ, ეკლესია აღარ უნდა ერქვას“, – ამბობს მამა შალვა.


კომენტარები:

ფართი შოპი