საშიშია თუ არა მარნეულიდან შემოტანილი პროდუქტი

24 Mar 2020 03:27

საფრთხე იმისა, რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან შემოტანილი სურსათი თუ ბოსტნეული საშიში იყოს, არ არსებობს“, - რამდენად უსაფრთხოა მარნეულიდან შემოტანილი პროდუქტი მას შემდეგ, რაც ეს მუნიციპალიტეტი კორონავირუსის გამო საკარანტო რეჟიმზე გადავიდა, ამ თემაზე Imedinews-ი სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსს თენგიზ კალანდაძეს ესაუბრა.


მისი განმარტებით, არც ერთ იმ ქვეყანაში, სადაც ამ ინფექციის მასშტაბები ბევრად დიდია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევები არ ადასტურებს სურსათით ინფექციის გადადებას. ამასთან, ამ მიზეზით ვაჭრობა ქვეყნებს არ აუკრძალავთ. ამიტომ, საფრთხე იმისა, რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან შემოტანილი სურსათი თუ ბოსტნეული საშიში იყოს, არ არსებობს.


თუმცა თენგიზ კალანდაცის რეკომენდაციით, სასურველია, რომ ზოგადად ბოსტნეული კარგად გავრეცხოთ საპნიანი წყლით და სპეციალური ღრუბლით, რომ უფრო მეტად ვიყოთ დაცულები.


„მწვანილი წყალში ჩავალბოთ და 10-15 წუთი გამდინარე წყალში იყოს. ასევე სასურველია, რომ ამ პირობებში თერმულად დამუშავებული პროდუქცია მივიღოთ. უფრო მეტად დაცულები ვიქნებით, ბოსტნეულსაც უმად ნუ შევჭამთ. მოვშუშოთ, ესეც კი, თერმული დამუშავება კლავს ვირუსებს და მიკრობებს“, - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.


მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.


21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 54 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.


21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.



კომენტარები:

ფართი შოპი