შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მარნეულსა და ბოლნისში იმყოფებოდა და იქ არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. როგორც მინისტრმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმის გამო, რომ არ მომხდარიყო აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან მოსახლეობის უკონტროლო გადაადგილება.
„ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა, თუ რა მდგომარეობაა. ამ შემთხვევაში, არ არის ძალიან მძიმე, თუმცა რამდენიმე დღე ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ, დავაკვირდეთ, ავიღოთ ანალიზები... მოგეხსენებათ, კორონავირუსის 4 შემთხვევა კიდევ დადგინდა.
იქიდან გამომდინარე, რომ დაიკეტა ბოლნისი და მარნეული, გაკეთდა საველე ჰოსპიტალი 100 ადამიანზე. აქ არიან ექიმები, ისინი ამოწმებენ მოსახლეობას, ვისაც ეჭვი ეპარება საკუთარ ჯანმრთელობაში. ეს გაკეთდა იქიდან გამომდინარე, თუ იქნებოდა ეპიდაფეთქება, რომ ვყოფილიყავით მზად“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
იმ შემთხვევაში, თუ ბოლნისსა და მარნეულში მოხდებოდა ეპიდემიის აფეთქება, მინისტრის თქმით, საველე ჰოსპიტალში უნდა ყოფილიყო საკმარისი საწოლები იმისთვის, რომ ყველა მოქალაქეს ჰქონოდა შესაძლებლობა დაუყოვნებლივ მიეღო შესაბამისი სამედიცინო დახმარება.