ბათუმში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავზე დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის შესახებ მიღებულ შეტყობინებაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება. მითითებულ მისამართზე 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე მისვლისთანავე განახორციელეს შენობაში მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია. ცეცხლი გავრცელებული იყო სახლის სხვენის გადახურვაზე და არსებობდა მისი გავრცელების საფრთხეც, თუმცა სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ცეცხლის დროული შეკავება.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.