რა არის Sarahah-ი, მისი დანიშნულების, შექმნის ისტორიისა და უსაფრთხოების შესახებ

10 Aug 2017 13:57

ვებგვერდი sarahah.com, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაო პოპულარობით სარგებლობს, მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ანონიმურად მიიღონ და გააგზავნონ შეტყობინებები.


ვებგვერდის თანახმად, მისი მიზანი მომხმარებლის მიერ სასურველ ადამიანზე აზრის გამოთქმისა და საკუთარი თავის შესახებ სხვების შეხედულებების გაზიარებაა. ვებგვერდის შემქმნელის აზრით, ის დაეხმარება ადამიანებს, გაიგონ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, გაეცნონ სხვა ადამიანების შეფასებებს და თანამშრომლებისგან და მეგობრებისგან მიღებული შეფასებების შედეგად იზრუნონ მათი სუსტი მხარეების გამოსწორებაზე.


ამ ეტაპზე sarahah-ს მიღებულ შეტყობინებაზე პასუხის გაცემის ფუნქცია არ აქვს, თუმცა გვერდის დეველოპერი ამ ფუნქციის დამატებას არ გამორიცხავს.


აღსანიშნავია, რომ sarahah-ს აქვს აპლიკაციაც, რომლის ჩამოტვირთვა Android-ის ოპერაციული სისტემის მომხმარებლებს Google Play-დან, ხოლო iOS-ის გულშემატკივრებს App Store-დან შეუძლიათ.


რაც შეეხება თავად ვებგვერდის უსაფრთხოებას, მასზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ის არ იპარავს რეგისტრაციის შემდგომ პერსონალურ მონაცემებს, თუმცა მომხმარებლებს აფრთხილებს იმ ყალბი ვებგვერდებისა და აპლიკაციების შესახებ, რომლებიც Sarahah-ის მსგავსად გამოიყურებიან, თუმცა, რეალურად, მსხვერპლების პირადი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ.


რაც მთავარია, Sarahah-ს აქვს უსაფრთხოების სერთიფიკატი.


Sarahah არაბულად სიმართლეს, გულწრფელობას ნიშნავს.


Sarahah-ის შექმნა ზაინ ალ-აბიდინ თავფიქმა 2016 წელს დაიწყო. მას მიაჩნდა, რომ ადამიანები სიმართლეს იტყოდნენ მაშინ, თუ მათი ვინაობა ანონიმური იქნებოდა. ასე რომ, Sarahah იყო საშუალება, რომელიც დაეხმარებოდა დასაქმებულებს, გამოეთქვათ საკუთარი აზრი დამსაქმებლების შესახებ, პირადი კომუნიკაციის მეშვეობით.


“დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის გულწრფელი კომუნიკაცია აუცილებელია”- ამბობდა თავფიქი. ის საუდის არაბეთში, ერთ-ერთ ნავთობკომპანიაში ბიზნესსისტემების ანალიტიკოსად მუშაობს.


ვებგვერდის შექმნის შემდეგ თავფიქი მალე მიხვდა, რომ მისი სერვისი შეიძლებოდა, სასარგებლო ყოფილიყო სამსახურის გარეთ და მეგობრებს ერთმანეთთან შედეგიანი, კონსტრუქციული კავშირი დაემყარებინათ. თანაც აღმოჩნდა, რომ მისი ვებგვერდის მომხმარებლებსაც სურდა, სცოდნოდათ, რას ფიქრობდნენ მათზე მათი მეგობრები და ოჯახისწევრები, რის შედეგადაც Sarahah ფართო საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი.


თუმცა მანამდე Sarahah-მა წარმატების საინტერესო გზა განვლო.


2016 წელს თავფიქის მიზანი იყო, Sarahah-ის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებების რაოდეონობას 1 000-მდე მიეღწია, თუმცა წლის ბოლოს წერილთა რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ასეული იყო. ასე რომ, მან გადაწყვიტა, გაეზიარებინა გვერდი მისი მეგობრისთვის.


თავფიქის თქმით, მისი სერვისის მომხმარებლების რაოდენობა რამდენიმე დღის შემდეგ 70-დან 1 000-მდე გაიზარდა. შემდეგ ძალიან სწრაფად გავრცელდა სხვა არაბულ ქვეყნებში, ჯერ ლიბანში, შემდეგ ტუნისში… ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა Sarahah-მა 2017 წლის დასაწყისში ეგვიპტემდეც მიაღწია და მისმა მომხმარებელთა რაოდენობამ ძალიან მალე 3 მილიონს გადააჭარბა.


ანონიმური შეტყობინებების სისტემამ არაბულ ქვეყნებში დიდი პოპულარობა მოიპოვა.


Sarahah-მა სოციალური ბარიერების რღვევა დაიწყო. მნიშვნელობა აღარ ენიჭებოდა ასაკს, პოზციას, ვინაობას- შეგეძლო შენი აზრი გეთქვა შენი მშობლისთვის, ბაბუისთვის, იმ ადამიანისთვის, რომელსაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამას ვერ უბედავდი. უკვე შეგეძლო, გეთქვა, რომ შენ ისე არ ფიქრობდი, როგორც შენი წერილის ადრესატი.


არაბულ ქვეყნებში მოპოვებული წარმატების შემდგომ თავფიქმა საბოლოდ გადაწყვიტა შეექმნა Sarahah-ის აპლიკაციაც. მან აპლიკაციის განვითარებაში დახმარების მიზნით, დაიქირავა კომპანია და 13 ივნისს  App Store-ზე აპლიკაცია Sarahah განთავსდა. ამიერიდან თავფიქის სერვისი ინგლისურ ენაზეც გახდა ხელმისაწვდომი და ვებგვერდს პირველივე კვირაში 2 მილიონზე მეტი ახალი, უნიკალური ვიზიტორი ეწვია.


Sarahah სწრაფად მოედო სოციალურ ქსელებს. მალე ის App Store-ის Top 1 500 აპლიკაციაში მოხვდა, 4 დღის შემდგომ 104-ე ადილზე გადმოინაცვლა, 2 დღის შემდეგ- მე-17-ზე, ხოლო 3 დღის შედგომ Sarahah-მა გადაუსწრო Snapchat-ს, Facebook-ს Instagram-ს და 1-ელი ადგილი დაიკავა.


დღეს, როცა Sarahah-ს ამდენი მომხარებელი ჰყავს, თავფიქი ცდილობს, მთელი ძალისხმევა დაუთმოს Sarahah-ს და აპირებს, წამოვიდეს ნავთობკომპანიიდან.


მიუხედავად იმ წარმატებისა, რაც წილად ხვდა Sarahah-ს, კრიტიკოსები მისი აპლიკაციის ანონიმურობის შესახებ ეჭვებს გამოთქვამენ. თავფიქს მართლაც სურს, რომ მისი სერვისი დაცული იყოს და მომხმარებლებს არავითარი პრობლემა არ შეექმნათ, თუმცა რთულია კიბერბულინგის წინააღმდეგ სერიოზული არგუმენტებით საუბარი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნეგატიური მაგალითები უამრავია. სწორედ კიბერბულინგია არამხოლოდ Sarahah-ის, არამედ ყველა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.


Sarahah არ არის პირველი ანონიმური აპლიკაცია. Yik Yak, Secret, Whisper და სხვა აპლიკაციები უშედეგოდ ცდილობდნენ ანონიმურობაზე დაფუძნებული სოციალური ქსელების შექმნას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ არცერთ მათგანს არასდროს დაუკავებია  App Store-ზე საპატიო პირველი ადგილი. ეს ფაქტი კი, ალბათ, გარკვეული იმედის საფუძველს იძლევა.


წყარო: kvira.ge


კომენტარები:

ფართი შოპი