დღეს 21 საათიდან ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აიკრძალება როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა:
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს, რათა მოქალაქეების გადაადგილება 21:00 სათიდან 06:00 საათამდე იყოს მაქსიმალურად შეზღუდული. კერძოდ, იმოძრავებენ საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და ნებისმეირი ფაქტი, რომელიც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის დარღვევას, ძალიან ოპერატიულად იქნება აღმოფხვრილი და შესაბამისი ზომები გატარებული, რაც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო, პირველ ეტაპზე ჯარიმის გამოყენებას“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის დეკრეტით განისაზღვრა რეგულაციები, რომლის თანახმადაც, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, პირველ ჯერზე, იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ეს ქმედება არის დანაშაული და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა იმ გამონაკლისებზეც ისაუბრა, რომელიც შესაძლოა განხილული იყოს კონკრეტული პირების მიმართ „ ზოგადად, გამონაკლისი გათვალისწინებული იქნება კონკრეტული პირებისთვის და იმ სუბიექტებისთვის, რომელთა მუშაობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს“ - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა. მისივე თქმით, საგანგებო რეჟიმის პერიოდში 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება სრულად იქნება აკრძალული.
„ჩვენ იგივე რეგულაციები გვაქვს, როდესაც ვსაუბრობთ 70 წელს გადაცილებულ პირებთან დაკავშირებით, რომელთაც აეკრძალად ქუჩაში გასვლა და გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სურთ მაღაზიაში წამლის, სურსათის შესაძენად წასვლა ან ისეთი სამედიცინო მომსახურების მიღება, რომელიც ადგილზე შეუძლებელია. შესაბამისად, ეს არის საერთო რეგულაციები და ნებისმიერი აკრძალვა არის ამ შემთხვევაში, დაშვებული. კერძოდ, საღამოს 21:00- დან დილის 06:00-მდე გადაადგილება იქნება სრულად აკრძალული.“