"როგორც ვნახეთ ვირუსის გავრცელება გადავიდა ახალ ეტაპზე და ჩვენც გადავდივართ მასთან ბრძოლის ახალ ფაზაში. შესაბამისად საქართველოს საპატიმროებიც გადადის მართვის ახალ ეტაპზე" - განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, შემუშავდა მოდელი, რომელიც საპატიმროების სისტემისთვის ჩვეულებრივ დროს არ არის ბუნებრივი. შერჩეული იქნა 780 თანამშრომელი, რომელიც გუშინ გამოცხადდა სამსახურში და ისინი მომდევნო კვირების განმავლობაში აღარ წავლენ შინ.
"780 თანამშრომელი იცხოვრებს საპატიმროების შენობებში და ამ ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიის დატოვების გარეშე იმისათვის, რომ არც ჩვენ და არც პატიმრებს არ გვქონდეს იმის განცდა, რომ რომელიმე ინსპექტორ-კონტროლიორი შეიტანს ვირუსს შიგნით. ეს არის უჩვეულო, უპრეცედენტო ნაბიჯი, რაც გადადგა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. პირველ რიგში მინდა ამ 780 თანამშრომელს ვუთხრა დიდი მადლობა, რადგან მათ ნებაყოფლობით მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით დატოვონ ოჯახები და ყოველ ორ დღეში ერთხელ 24-საათიან მორიგეობაზე გადავიდნენ. დაახლოებით 400-მდე ადამიანი იქნება თითო ცვლაში. შემდეგ ისინი დაისვენებენ საპატიმროს ტერიტორიზე მათთვის სპეციალურად შექმნილ ყაზარმულ სივრცეში. მათ ექნებათ სამჯერადი უფასო კვება და რა თქმა უნდა, ის უფლებები, რაც პატიმარს არ აქვს, რადგან ისინი, რა თქმა უნდა, არ არიან თავისუფლებააღკვეთილი პირები. მათ გაეწევათ შესაბამისი ფინანსური შეღავათი იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც ამგვარი განსაკუთრებული რეჟიმი მუშაობისა დაკომპენსირდეს"-განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან მადლობა გადაუხადა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ სისტემის თანამშრომლებისთვის საყაზარმე სივრცეების აღჭურვა და საძინებლების მოწყობა წარმოუდგენელი ტემპით, ორ დღეში მოხდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიმართა ასევე პატიმრებს და მოუწოდა, მოუფრთხილდნენ პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს.
"მინდა მივმართო პატიმრებს, მოუფრთხილდნენ ამ 780 თანამშრომელს, რომლებმაც ნებით გადაწყვიტეს, თქვენთან ერთად საპატიმროში ცხოვრება მომდევნო კვირების განმავლობაში, პატივი სცენ მათ და თუ ჩვეულებრივ დროს გვქონდა ჩვენი თანამშრომლების შეურაცხყოფის ფაქტები, მომდევნო კვირებში მაინც თავი შეიკავონ ამ თანამშრომლებისადმი ნებისმიერი ტიპის აგრესიისგან, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დათანხმდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე არაერთი დღის განმავლობაში მუდმივ რეჟიმში ცხოვრებაზე,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.