როგორ წაიყვანთ ორ შვილს ექიმთან საყოველთაო კარანტინის პერიოდში

05 Apr 2020 03:39

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის წესების თანახმად, ავტომობილით მხოლოდ სამი მგზავრის გადაადგილებაა შესაძლებელი. მძღოლის გვერდით მგზავრის ჯდომა კი იკრძალება.

 

ამ აკრძალვის გამო, მრავალშვილიანი ოჯახები ბავშვებით გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ამ თემასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ანნა ამირიძემ Facebook-ზე სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

 

„მოკლედ, დავრეკე 144-ში და ვკითხე ტყუპები მყავს ჩვილები თქო, მარტო ვერ წავიყვან მეუღლეც უნდა მახლდეს თქო და პრობლემა ხომ არ არის თქო? კიო, ოთხნი გამოდიხართ და ირღვევა რეგულაციაო. აბა რა ვქნათქო? მარტო წაიყვანეთო. გააგებინე ეხლა ამას, როგორ გინდა აიყვანო 9-კილოიანი ტყუპები, ორივე, მერე დააზუსტა და მკითხა: ცალკე ზიანო? გამიხარდა, ვიფიქრე მეშველა, დიახ, ცალკე ზიან თავიანთ სავარძლებშითქო და გახარებული ხმით მეუბნება: იცით ქალბატონო, თუ ერთ სავარძელში ჩასვამთ ერთ მგზავრად ჩაითვლებაო.

 

აი ვზივარ და ვერ მოვიფიქრე, რა პოზაში გადავსკოჩო ჩემი ტყუპები და მერე როგორ ჩავტენო ერთში.

 

P.S სასეირნოდ წასვლაზე არ ვსაუბრობ! ელემენტარულად პედიატრთან წასვლაზეა საუბარი, როდესაც აცრები და კვლევები ბინაზე არ კეთდება… და არც ონლაინ“, – წერს ანნა ამირიძე.

 

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ „პრაიმტაიმი“ ავტორს დაუკავშირდა და გაარკვია, რა გადაწყვიტა და როგორ უნდა მიიყვანოს 4 წევრისგან შემდგარმა ოჯახმა პატარები ექიმთან.


„რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობის წესებს ყველანაირად მივესალმებით, მაგრამ ტყუპების გაყოფა რთულია. ამ შემთხვევაში, გვაქვს იმის საშუალება, რომ ორი მანქანით გადავაადგილდეთ. ამ დროს, ტაქსის ნაკლებად ვენდობი. მე ჩემი მანქანით წავიყვან ბავშვებს, ჩემი მეუღლე კი თავისი მანქანით უკან გამოგვყვება. სხვა გზა არ არის, ტყუპების ერთად წაყვანა ერთი ადამიანისთვის საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, ექიმთან.

 

რაც შეეხება პოსტს, დღეს დიდი იუმორით შევხედე ამ ყველაფერს. გამიხარდა, რომ ბევრმა ადამიანმა ასე პოზიტიურად დაინახა ის, რაც მე ეს გადავეცი. რა თქმა უნდა, სურვილი მექნება, რომ ეს კანონი ჩასწორდეს. რთულია იმ ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც მშობლების გარეშე ვერ გადაადგილდებიან“, – გვითხრა ანნა ამირიძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი