გივი ხაჭაპურიძე: საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, რეიტინგის მატება „იმედზე“, „რუსთავი 2-ზე“, „ფორმულაზე“ და „მაესტროზე“ დაფიქსირდა

06 Apr 2020 18:07

"საგანგებო მდგომარეობის და ახლა უკვე კომენდანტის საათის პირობებში, სატელევიზიო რეიტინგების ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ გარკვეული არხებისთვის რეიტინგი გაიზარდა" - ამის შესახებ „პიარ საკონსულტაციო ჯგუფის“ ხელმძღვანელი, გივი ხაჭაპურიძე აცხადებს.


„მარტის პირველივე რიცხვებიდან, როდესაც სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლა შეჩერდა, სატელევიზიო არხების რეიტინგმა მატება დაიწყო. ზრდა ძირითადად „იმედზე“, „რუსთავი 2-ზე“, „ფორმულაზე“ და „მაესტროზე“ დაფიქსირდა. ამ პერიოდიდან მარტის ბოლომდე თითქმის ყველა ამ არხზე რეიტინგი იმატებს. თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, 21 მარტამდე, ეს მატება ყველაზე მეტად შესამჩნევი იყო „იმედის“ შემთხვევაში და არხის რეიტინგი 22.58%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 5 თვის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი „იმედმა“ 2019 წლის დეკემბრის ბოლო კვირაში (18,82%) ჰქონდა, მაშინ როდესაც ამავე წლის აპრილში, რუსთავი 2-თან კონკურენციის პირობებშიც კი მისი რეიტინგი 26%-ს აღემატებოდა. „იმედის“ რეიტინგი 2019 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ რაც სატელევიზიო სივრცეში „მთავარი არხი“ გამოჩნდა, სტაბილურ კლებას განიცდის.


ბოლო ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით შესამჩნევი ზრდა დაბალ რეიტინგულ არხებს, მაესტროს და ტვ პირველს ჰქონდათ. იზარალა „რუსთავი 2“-მა, რომლის რეიტინგი 13.28%-დან 12.42%-მდე (-0.86%) დაეცა და „1 არხმა“ 5,4%-დან 4,48%-მდე შემცირებით. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეიტინგის კლებამ, საინფორმაციო არხებს შორის, მეოთხე ადგილის დაკარგვაც გამოიწვია და ის „ტვ პირველმა“ ჩაანაცვლა. „ტვ პირველს“ (6,52%) და „პირველ არხს“ (4,48%) შორის 2%-ანი სხვაობა გაჩნდა.


„ტვ პირველს“ მსგავსი მატება ახასიათებს, მაგრამ ის რაღაც მოვლენებთანაა კავშირში. ანალოგიური ნახტომისებური ზრდა 8,5%-მდე, მას ჰქონდა მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მაყურებელი, რომელმაც საბოლოოდ უარი თქვა „რუსთავი 2“-ზე, გარკვეულწილად „ტვ პირველზე“ გადაერთო, თუმცა დროებით. „მთავარი არხის“ გამოჩენისთანავე ტვ პირველი 4-5%-იან დიაპაზონს დაუბრუნდა. აქედან გამომდინარე,  კრიზისის ჩავლის შემდეგ სავარაუდოდ არხი პოზიციებს დათმობს.


„რუსთავი 2“-ის მოვლენებს ემთხვევა „მაესტროს“ რეიტინგის მოკლევადიანი მატებაც. 18 აგვისტოს შემდეგ „მაესტროს“ რეიტინგმა 5.68%-ს მიაღწია და მხოლოდ 0.26%-ით ჩამორჩებოდა „ტვ პირველს“. ეს მოვლენაც დროებითი აღმოჩნდა და იგი მალევე დაუბრუნდა 1,5-2.0%-ან ნიშნულს.


მსგავსი ვითარება გვაქვს დღესაც, როდესაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დარჩა სახლში. ბოლო მონაცემებით „მაესტროს“ რეიტინგი 3,71%-ა, რაც გასული წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა სექტემბრამდეც, უფრო სწორად 2019 წლის აპრილიდან, „მაესტროს“ რეიტინგი ±2.0%-ში მერყეობდა, რაც შეიძლება ითქვას რომ მისი რეალური რეიტინგია.


მთელს ამ „ვირუსულ“ პერიოდში ყველაზე სტაბილური „მთავარი არხი“ აღმოჩნდა. მისი რეიტინგი 10%-იან ნიშნულზე მყარად დგას და პრაქტიკულად ბოლო 1 თვის განმავლობაში არ შეცვლილა.


ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში Covid19 დაფიქსირდა, მოსახლეობა აქტიურად მიუსხდა ტელეეკრანებს და განსაკუთრებით იმ არხებს, სადაც საინფორმაციო გამოშვებები ჭარბობს. მაყურებელი სულ უფრო და უფრო დიდი ინტერსით აკვირდება მოვლენების განვითარებას და შესაბამისად, საინფორმაციო კამპანიასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“ - განმარტავს PRCG დირექტორი, გივი ხაჭაპურიძე.



კომენტარები:

ფართი შოპი