უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, კახეთის რეგიონში, კონტროლის არეალი გაფართოვდა და საკონტროლო გამშვები პუნქტები რეგიონის შესასვლელებში მოეწყო. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ და რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. ასევე, ადგილზე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.
ამ დრომდე საკონტროლო გამშვები პუნქტები თელავის ყველა შესასვლელში იყო განთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოსახლეობას რეგულარულად განუმარტავენ საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.