დღეს ქვეყანაში გვაქვს კორონავირუსის 200-ზე მეტი დადასტურებული ფაქტი, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ ჩვენ კვლავ გვაქვს მოლოდინი შემთხვევების რაოდენობის გაზრდისა, ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს და ყველა ბიზნესსუბიექტს, თუ ნებისმიერი ობიექტის წარმომადგენელს, აუცილებლად ყველამ უნდა დავიცვათ შემოღებული რეგულაციები და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ სახლიდან,- ამის შესახებ ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თითოეულ მოქალაქეს და, აგრეთვე, სამედიცინო სისტემას შევუმსუბუქოთ შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ზეწოლა.
„Covid-19-თან ბრძოლა დასრულებული არ არის, ჩვენ პროცესში ვიმყოფებით და მხოლოდ ქვეყანაში არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, რომ შევუმსუბუქოთ თითოეულ ჩვენგანს, ჩვენს თანამოქალაქეს და სამედიცინო სისტემასაც ის ზეწოლა, რომელიც შეიძლება მათზე მოვიდეს. ჩვენ არ გვაქვს მოდუნების საშუალება და შესაძლებლობა და აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა რეგულაცია, პროტოკოლი და შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაშია დაწესებული,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.