UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ მიხეილ ჩხენკელს ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა

16 Apr 2020 17:02

UNESCO-ს გენერალურმა დირექტორმა ოდრი აზულაიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს ოფიციალური წერილი გამოუგზავნა და  30 მარტს UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ მინისტერიალში მონაწილეობისა და სიტყვით გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.


მიხეილ ჩხენკელმა მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. 


მინისტერიალის  - „COVID-19 და ღია მეცნიერება“ მონაწილეებმა მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების ეფექტიან გზებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.


„UNESCO-ს მიერ ორგანიზებული ონლაინ დიალოგის შედეგად გამოჩნდა გლობალური სოლიდარობის მნიშვნელობა არა მხოლოდ COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის, არამედ მდგრადი განვითარების სხვა საკითხების მოგვარების საქმეში. COVID-19 კრიზისმა აჩვენა, რომ ჭეშმარიტი სამეცნიერო კოალიცია, რომელიც ღია მეცნიერების პრინციპზეა დაფუძნებული, პანდემიასთან ბრძოლაში სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მონაცემებს უნდა აზიარებდეს. მინისტრების შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მეცნიერების მნიშვნელობა გლობალურ საფრთხეებთან გამკლავებისა და მომავლის წინაშე მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. ვირტუალური მინისტერიალის მონაწილეებმა UNESCO-ს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდეს ღია მეცნიერების გაძლიერების, სამეცნიერო რჩევებისა და სხვა ტიპის მხარდაჭერის გზით,“ - ნათქვამია UNESCO-ს მადლობის წერილში.


UNESCO-ს ონლაინ დიალოგში მონაწილეობა 122 ქვეყნის 210 წარმომადგენელმა მიიღო, მათ შორის იყვნენ: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების 77 მინისტრი და მინისტრის მოადგილე, ევროკავშირისა და აფრიკის კავშირის კომისრები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)  მეცნიერები.



კომენტარები:

ფართი შოპი