"საქართველოსთვის, პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება"- ილია II

19 Apr 2020 02:42

"ყოველი კვირა დღეც მის სიხარულს ატარებს და ცისკრის ჟამზე მონაცვლეობით იკითხება აღდგომასთან დაკავშირებული 11 ამონარიდი ოთხი სახარებიდან. ამასთან, აღდგომის ზეიმის განსაკუთრებულობა განსაზღვრავს მთელი წლის მოძრავი საეკლესიო დღესასწაულების ციკლს.


განახლებისა და გადარჩენის, სიცოცხლისა და სიხარულის, იმედისა და ღმერთთან მშვიდობის მომტან ამ დიდებულ დღეს, რა თქმა უნდა, უფერულდება ის განსაცდელიც, ამჟამად ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო რომ მოუცავს და ყველას ასე აშფოთებს.


უცნაური ვითარება შეიქმნა, ადამიანები, ერთი მხრივ, გაერთიანდნენ სიცოცხლისთვის საშიში საერთო საფრთხის წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩაიკეტნენ თავის ქვეყანაში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, თავის სახლში. მათ დაფიქრების საშულება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა, რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. სამაგიეროდ  წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მიმართულებებმა, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ამასთან, სახელმწიფოებმა თვითუზრუნველყოფის საჭიროება დაინახეს და სხვაზე დამოკიდებულის მდგომარეობა წამგებიანი გახდა.


ყველა ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება.


უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა.


ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და, ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში.


გავიხსენოთ წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები მრევლისადმი: ამის წინ, მრავალი საშიშროება შეგვემთხვა, მერე გაგვასახლეს და თავს დაგვატყდა სენიც, ყველა საშინელებაზე უფრო საშინელი; ქრისტეს მშვიდობით აღვსილნი მაშინაც მხოლოდ ჩვენ ვზეიმობდით ყველასგან დევნილნი... და ტაჯვა-წამების თითოეული ადგილი ჩვენთვის იქცა სადღესასწაულო სივრცედ." 


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (19.04.2020)


კომენტარები:

ფართი შოპი