შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილთან და თბილისის ვიცე-მერთან ილია ელოშვილთნ ერთად საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების 60-ზე მეტი კალათა ისნისა და ვაზიანის დასახლებაში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს გადასცა.
პროექტი UNICEF-ის (გაეროს ბავშვთა ფონდის) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამანათები ასევე დარიგდება ქუთაისის, ფოთის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბოშათა დასახლებებში. აღნიშნული კალათები ოჯახებს კარდაკარ ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით გადაეცემათ.
ლია გიგაურმა, ლელა აქიაშვილმა და ილია ელოშვილმა ბოშათა თემის წარმომადგენელის ელენე პროშკიანის ჩართულობით ადგილობრივებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები და მოთხოვნები გააცნეს.
ლია გიგაურის თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება და როგორც ამანათები, ასევე ინფორმაცია კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაფანტულ ყველა თემს მიეწოდება.