სკანდალური ფაქტები! როგორ იშოვეს მილიონები ,,ოცნების” ,,ფულის ტომრებმა”

14 Aug 2017 18:47

«მეოცნებე ფულის ტომრებს» ქვეყნისა და ერის ბედი არც არასოდეს ადარდებდათ. მეტიც, სახელმწიფო მაშინაც ცალ ფეხზე ეკიდათ და ახლაც, სხედან პარლამენტში, მომარჯვებული აქვთ კალკულატორები და მუდამდღე იმის ფიქრში ატარებენ, «მეწველ ძროხას» რამდენი მილიონი წაჰგლიჯონ. აბა, რა გააკეთონ, სხვა საქმე არ აქვთ, რადგან ივანიშვილს მსუყე საძოვარზე ჰყავს მიშვებული და პულტზე თითის დაჭერის სანაცვლოდ ბარაქიან ტენდერებს ჩუქნის.


საკანონმდებლო ორგანოში ისეთი დეპუტატები გვყავს, რომელთა არსებობის შესახებ ბევრმა დღემდე არ იცის და რომლებსაც «შთამბეჭდავი» ბიოგრაფია აქვთ. მაგალითად, «ოცნების» დეპუტატი რომ გახდე, აუცილებლად უნდა გქონდეს ნამუშევარი «ტრიკოტაჟის» თეთრეულის საწარმოო გაერთიანებაში, თან უნდა იყო ყოფილი «ნაციონალი» და სისხლიანი რეჟიმის მიერ 2008 წელს ნაჩუქარი ამბროლაურის მაჟორიტარობით ამაყობდე. გოჩა ენუქიძის მსგავსად, ამ «ღირსებების» გარდა, თუ 5-მილიონიანი ქონებაც «გამშვენებს», ჩათვალე, რომ ივანიშვილის ფავორიტი მომენტალურად გახდები და ამჯერად ამბროლაურის მაჟორიტარად «ოცნება» გადაგაქცევს.


ჩემს კოლეგებს უყვართ ხოლმე თქმა, როცა რაღაცის სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ, ბოროტი ხმები ამბობენო, ჰოდა, ამ შემთხვევაშიც სწორედ ბოროტმა ხმებმა გაავრცელეს ასეთი ინფორმაცია: თურმე ივანიშვილს ერთი გავლენიანი პარლამენტარი ეხვეწებოდა, არ გვინდა ენუქიძე, მაინც «ნაციონალია» და წამოგვაძახებენო, მაგრამ მამა-მარჩენალი გაჯიუტებულა: «ტრიკოტაჟში» ნამუშევარი და მდიდარი კაცები მჭირია (მჭირდება) მე, თორემ ამ ქვეყნის მოყვარული, ნიჭიერი გლახაკებით ისედაც სავსეა დუნია». ჰოდა, ზოგისთვის რომ ერთხელაც არ ისვრის «ავრორა», ენუქიძისთვის ტყვიამფრქვევივით აკაკანდა. ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან ბატონმა გოჩამ მილიარდერი ივანიშვილის პარტიას 55 ათასი ლარი დიდსულოვნად შესწირა, მისმა თანამშრომლებმა კი ზემოდან 90 ათასი დაამატეს. სანაცვლოდ, ენუქიძის სახელთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2,5 მილიონი ლარის პირდაპირი კონტრაქტები მიიღეს.


კონკრეტული მაგალითი ცხადყოფს, რომ ქართველი პოლიტიკოსები არც საყოველთაოდ აღიარებულ წარმატების ფორმულებს იყენებენ და ზოგადად, არც ფიზიკა-ქიმიის კანონებს ექვემდებარებიან. გოჩა ენუქიძის შემთხვევას ლოგიკურ ახსნას ნამდვილად ვერ მოუძებნი. როგორ დავაბრალოთ ამ პიროვნებას და მის თანამშრომლებს ქვეყნისა და ერის სიყვარული, როცა მსგავსი ცნებები მათთვის უცხოა? როგორ ვთქვათ, რომ ჯამში 145 ათასი ლარი სახელმწიფოს უკეთესი მომავლისთვის გაიღეს, როცა აღნიშნული თანხა სულ ცოტა 300 დამშეულ, გაუბედურებულ ოჯახს ერთი თვის განმავლობაში ნორმალური კვების საშუალებას მისცემდა? სად გადის ზღვარი ადამიანობასა და არაადამიანურ გულგრილობას შორის?


ამაოდ მეგონა, რომ გოჩა ენუქიძის შემდეგ ჩემს და თქვენს გაოცებას სხვა პარლამენტარები ვერ მოახერხებდნენ, მაგრამ მწარედ ვცდებოდი. დარწმუნებული ვარ, მისი სახელი და გვარი არაფერს გეტყვით, რადგან 2012-შიც «ოცნების» დეპუტატი იყო და 4 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. პრინციპში, მაგისთვის ვერც მოიცლიდა, რადგან 5 მილიონამდე ქონებას («მედიატორის» კვლევის მიხედვით) პატრონობა სჭირდებოდა. როგორ მოახერხა ზეინკალმა, ისტორიკოსმა და სამხედროს მასწავლებელმა მეორედ «ოცნების» პარტიულ სიაში მოხვედრა, თანაც მე-20 ნომრად, დღემდე გამოცანად რჩება. დარზიევის ბიოგრაფიაში ერთ საეჭვო დეტალს გადავაწყდი და მინდა გაგიმხილოთ. თურმე, 2013 წელს, პირველი დეპუტატობისას, ბატონმა მახირმა ბანკიდან სესხის სახით 35 ათასი ლარი აიღო. ცხადია, კითხვა გამიჩნდა: რაში დასჭირდა მილიონერ დეპუტატს პროცენტიანი ვალის აღება? ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, დავასკვენი: მდიდრები ასე იმიტომ იქცევიან, რომ ვიღაცამ ფული არ სთხოვოთ. დავუშვათ, მიდიხარ დეკლარირებულ მილიონერთან და მისთვის აშკარად უმნიშვნელო თანხას თხოვ, ის მყისიერად იწყებს წუწუნს, შვილებს გეფიცები, ბანკის ვალი მაქვსო. თან მეტი დამაჯერებლობისთვის მოგაწვდის საბუთების დასტას, რომელსაც ახალთახალ «ლენდ კრუიზერ პრადოში» ინახავს და თავის «პატიოსნებაში» ჯიპიდან გადმოუსვლელად დაგარწმუნებს. მგონი, ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა.


«ან გამოჩნდი ისეთი, როგორიც ხარ, ან იყავი ისეთი, როგორიც ჩანხარ» - ასეთი წარწერა ჰქონდა დარზიევის საარჩევნო ბანერს 2016 წელს, მაგრამ გადეპუტატების მერე მახირი თვალით არავის უნახავს. უნებურად, შოთა რუსთაველის «ვეფხისტყაოსნიდან» ის ეპიზოდი გამახსენდა, ტარიელი ავთანდილსა და როსტევანს რომ გაერიდა, რადგან სისხლისღვრა არ უნდოდა: «ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძვრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა. ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა». არ იფიქროთ, ლეგენდარულ ტარიელს ვადარებდე, უბრალოდ, მახირის გაუჩინარების ხელოვნებამ აღმაფრთოვანა. ორგზის პარლამენტარია და ტელეკამერების კადრებში შემთხვევითაც არ ხვდება. დამეთანხმეთ, ბატონ დარზიევს უნიკალური ნიჭი აქვს. ახლა ზედმეტია ისეთი კითხვების დასმა, რა დამსახურების გამო გაპარლამენტარდა მეორედ, ვინ ჩაწერა წამყვან მე-20 ნომრად, რა უნდა, ვის დაკარგვია და ა.შ. მთავარი ის არის, რომ არქიფო სეთურის გარეშე მსგავსი «დიდი და საკაცობრიო» საქმეების გადაწყვეტის უფლება არავის აქვს.


შესაძლოა, შენს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც იყოს აღძრული, «ნაციონალებთან» იდეალური თანაცხოვრების პერიოდში განხორციელებულ მსხვილ თაღლითურ სქემებში «ოცნებამ» გამოგიჭიროს, მაგრამ ვიღაცის უხილავმა ხელმა საქმე გააქროს და 2016 წელს ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატად გაქციოს. უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევ, უბრალოდ, მილიონერი პარლამენტარის («მედიატორის» მონაცემების მიხედვით, 6 მილიონის ქონებას ფლობს) წარსულის შესახებ რამდენიმე დეტალს გავიხსენებ. ცნობისთვის, გოცირიძემ საარჩევნო პერიოდში «გაჭირვებულ» ივანიშვილს 60 ათასი ლარი შესწირა, აბა, «დალხენილ» ტყიბულელებს ხომ არ გაუმართავდა ხელს, ან იმ პაციენტებს, რომლებმაც უსახსრობის გამო ოპერაცია ვერ გაიკეთეს, სამკურნალოდ სათანადო მედიკამენტები ვერ იყიდეს და დაიღუპნენ.


ოპერაციასა და პაციენტებზე გამახსენდა, ბატონი ელგუჯა სწორედ ამ სფეროს წამყვანი «სპეციალისტია», წლების განმავლობაში (2001-2016) «ჩაჩავას კლინიკის» გენერალური დირექტორი იყო, რომლის ნახევარმილიონიან აქციებს დღესაც ფლობს. ჩემ მიერ ნახსენებ ბოროტ ხმებს თუ დავუჯერებთ, გოცირიძის შავბნელი წარსული «ღუდუშაურის კლინიკას» უკავშირდება, რომლის გარშემოც ჯერ კიდევ 2014 წელს აგორდა სკანდალი. მედპერსონალი ირწმუნებოდა, რომ «ნაციონალებთან» გადახლართულმა დეპუტატმა კლინიკა სხვადასხვა მაქინაციების წყალობით ჩაიგდო ხელში. ამის თაობაზე მაშინდელ გენერალურ პროკურორს, არჩილ კბილაშვილსაც შეხვდნენ და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, მაგრამ...
თურმე, «ოცნების» მილიონერმა, რომლის ბიზნესის პიარსაც პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მეუღლე, მაკა მეტრეველი ახორციელებდა და რომელსაც მოგვიანებით «ჩაჩავას კლინიკაში» ესთეტიკური მედიცინის ცენტრი გაუხსნა, «ღუდუშაურის» «დაპყრობაში» «ნაცისტების» პირველი პირები ეხმარებოდნენ. ამ მიზნით, გოცირიძემ შვილის სახელზე კომპანია «ჯორჯიან მედი» დაარეგისტრირა და 2012 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე კლინიკა (8-სართულიანი გარემონტებული შენობა, მრავალმილიონიანი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და 62 ათასი კვ. მიწის ნაკვეთით) მიზერულ ფასად - 6,67 მილიონ ლარად შეიძინა. აქედან დაიწყო ელგუჯა ბატონის ფოკუსების კასკადიც. ჯერ იყო და კლინიკის 8 ჰექტარი 4 მილიონ ლარად უპრობლემოდ გაყიდა, შემდეგ «ღუდუშაურის კლინიკა» 22 მილიონ ლარად «პროკრედიტ ბანკში» ჩადო, რის გამოც მთავარმა ბუღალტერმა თანამდებობა დატოვა და სარჩელი სასამართლოში შეიტანა. მედპერსონალის აბსოლუტური უმრავლესობა გოცირიძის მიერ გატარებული «რეფორმებით» უკმაყოფილო იყო და ბევრი უმუშევარი დარჩა.


ასე ამბობენ, მტკიცებით ამ ეტაპზე ვერაფერს დავამტკიცებ, რადგან თუ გენპროკურორს არ დააძვრევინეს საქმე ადგილიდან და «ოცნების» ამომავალი ვარსკვლავის ბრალეულობის მამხილებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება გააქრეს, წლების შემდეგ მათი მოძიება სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. ზოგადად, უშიშრობის სამსახურს «წარსულის გასუფთავება» ეხერხება. იმიტომაც გვყავს «ოცნების» საკონსტიტუციო უმრავლესობაში 115 ანგელოზი, მთავრობაში კი - სულ ქერუბიმები და სერაფიმები.
პატივცემულო მკითხველო, არ იფიქროთ, რომ მილიონერ პარლამენტართა საინტერესო ისტორიები გოჩა ენუქიძით, მახირ დარზიევითა და ელგუჯა გოცირიძით სრულდება. ბიძინა ივანიშვილმა ფრთებქვეშ კიდევ ბევრი «ნაციონალი» შეიფარა, რადგან მათი ცოდვების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და ბიძინას პირადმა მცველმა, ვახტანგ გომელაურმა ყველაფერი იცის. მერწმუნეთ, ასეთი კატეგორიის ადამიანების კონტროლი ძალიან იოლია. ქონებისა და თავისუფლების დაკარგვის შიშით მდიდრები ყველაფერზე მიდიან, საკუთარი კეთილდღეობისთვის წირავენ ყველას და ყველაფერს. აი, კიდევ ერთი დამატებითი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ფულის უზარმაზარი ტომარა, არქიფო სეთური პოლიტიკურ იერარქიას აკომპლექტებს.


,,ალია”, ქვემორე მითქვამს-მიქია



კომენტარები:

ფართი შოპი