ცესკოს თანამშრომლებმა საკუთარი ანაზღაურებიდან შეაგროვეს თანხა (26 000 ლარის ოდენობით) და StopCoV ფონდში გადარიცხეს

24 Apr 2020 19:32

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), საოლქო საარჩევნო კომისიები და ცესკოს სწავლების ცენტრი კორონავირუსთან ბრძოლის სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საკუთარი ანაზღაურებიდან შეაგროვეს თანხა (26 000 ლარის ოდენობით) და საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით StopCoV ფონდში გადარიცხეს.


ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებაში წვლილის შესატანად, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პირადი ფინანსური შემოსავლების (ხელფასის) ნაწილი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში საკუთარი სურვილით გადარიცხეს.


StopCoV ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.


საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად ახორციელებს სხვადასხვა სახის დახმარების აქციებს და მომავალშიც აქტიურად იქნება ჩართული საქველმოქმედო თუ სოციალურ ღონისძიებებში.



კომენტარები:

ფართი შოპი