„ემოციურად ინტელექტუალური და შრომისმოყვარე“ - ნინო კეკელიძის ისტორია

28 Apr 2020 21:11

„დავიბადე თბილისში, 1986 წლის 5 დეკემბრის დილის 05:00 საათზე. დავდიოდი მთაწმინდაზე სულხან-საბა ორბელიანის ბაღის მოპირდაპირე რუსულენოვან ბაღში. ბაღის მოგონებებთან ასოცირდება ჩემი ბაღის პირველი აღმზრდელი, რომელიც ძალიან მიყვარდა და მუდამ სიხარულით აღვნიშნავდი, ასეთი აღმზრდელი რომ შემხვდა. ბაღის პერიოდში მახსოვს, საკუთარ თავს, ისევე როგორც სხვებს, დიდი სიხარულით ვარწმუნებდი, რომ „თუ კარგი ბაღის აღმზრდელი შეგხვდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნები“. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი ბედნიერება!“


ეს ნინო კეკელიძის ბედნიერი ისტორიის დასაწყისია, წარმატებული მეწარმე ქალის, რომლის რეგალიებიც ასე გამოიყურება:


* ტურისტული კომპანია - Discover Georgia-ს დამფუძნებელი/დირექტორი;

* სააპელაციო საბჭოს წევრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

* ტურიზმისა და მომსახურების პროფესიული დარგობრივი საბჭოს წევრი. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

* ტურიზმის საგანმანათლებლო კომიტეტის ხელმძღვანელი - საქართველოს ტურიზმის ასოციაცია (GTA);

* მოწვეული ლექტორი - საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU).


ფოტოზე: ნინო კეკელიძე ოჯახთან ერთად


„დღემდე მახსოვს ბაღის დერეფანში სუნამოს ტკბილი სუნი, რომელიც დგებოდა მხოლოდ და მხოლოდ ბაღის დასრულებისას, როდესაც დედა მაკითხავდა გამოსაყვანად. ეს იყო გრძნობა, რომელიც დღემდე შეუცვლელია, მუდამ მემახსოვრება და ჩემთან დარჩება.


სულხან-საბა ორბელიანის მოპირდაპირე ბაღიდან გადავინაცვლე მის გვერდითა ქუჩაზე მდებარე თბილისის საჯარო 47-ე ინგლისურენოვან სკოლაში.“- აგრძელებს ჩვენთან საუბარს ნინო კეკელიძე.


ბავშვობიდან დამოუკიდებლად ცხოვრების დიდი სურვილი და ინტერესი ჰქონდა. „ბავშვობიდანვე ვაფასებდი დედაჩემის პოზიტიურ განწყობას და ხელშეწყობას ჩემს ყველა უცაბედ და დაუგეგმავ გადაწყვეტილებაზე, მაგალითად: დამოუკიდებლად ვეძებდი სხვადასხვა სახის სასწავლო კურსებს და დიდი ინტერესით ვუთავსებდი სკოლას: სიმღერა, ხატვა, სამეჯლისო თუ ქართული ცეკვა, სამოდელო სააგენტო,  ბაირონის კოლეჯი, სადაც ჩავეწერე ინგლისურის ინტენსიურ კურსებზე, ასევე დამოუკიდებლად მოვიძიე მათემატიკის კერძო მასწავლებელი, ვისთანაც დავიწყე მათემატიკის გაძლიერებული სწავლა, ქართული, რუსული და ა.შ.“- აღნიშნავს ნინო კეკელიძე.


ფოტოზე: ნინო კეკელიძე დედასთან ერთად


ბავშვობაში არასოდეს უფიქრია მომავალ პროფესიაზე. „ვიცოდი მხოლოდ ერთი, რომ ის გამომივიდოდა უკეთ რაც მომწონდა და მიყვარდა, თუმცა ჯერ არ ვიცოდი და არც მესმოდა არცერთი პროფესიის შინაარსი.“- გვეუბენბა ნინო.


უნივერსიტეტი


ნინოს აქტიური და დამოუკიდებელი ბავშვობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გადაიზარდა, რომელიც ბავშვობაზე უფრო მეტად საინტერესო აღმოჩნდა.


„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებიდან 1 წლის შემდეგ დავოჯახდი და მეორე კურსზე დედა გავხდი. ჩემი პირველი შვილის დაბადებიდან ზუსტად 4 თვეში მერგო პატივი, რომ გავმხდარიყავი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ ერისიონის მსახიობ-მოცეკვავე. ძალიან ტკბილად მახსენდება იმდროინდელი დღის წესრიგი:


დილიდან 14:00 საათამდე - ერისიონში, 14:00- დან 18:00-მდე უნივერსიტეტში, 18:00-დან – 21:00 საათამდე ჩემს პატარასთან და მეუღლესთან, ხოლო 21:00 საათიდან კი დაუსრულებელი სწავლა გათენებამდე, შიგადაშიგ კონცერტები და გასტროლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა თუ საზღვრებს გარეთ. დროის სწორი გადანაწილება ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ჩემთვის ყველაზე ღირებულ ცხოვრებისეულ ინსტრუმენტად. ყოველი წუთი და წამი მქონდა და დღემდე მაქვს წინასწარ დაგეგმილი და გაწერილი.“- იხსენებს ნინო კეკელიძე.  



ბავშვობიდან დღემდე მის გარშემო არსებული ყველა ცხოვრებისეული დაბრკოლება თუ ხელისშემშლელი ფაქტორი წარმატების მიღწევაში დაეხმარა.


„არასოდეს ვნებდებოდი წარუმატებლობასა და გამოწვევას. ყოველთვის მადლობას ვუხდიდი ჩემს არაკეთილის მოსურნეებსა თუ სხვადასხვა ხელისშემშლელ გარემოებებს და აღვიქვამდი მათ ერთგვარ ცხოვრებისეულ გამოწვევად, რომელიც მუდამ მაძლიერებდა და მეტ ცხოვრებისეულ სტიმულს მაძლევდა. დღემდე გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველას და ყველაფერს, რამაც მასწავლა წარუმატებლობის დამარცხება და მუდამ პოზიტივისა თუ ალტერნატიული გზების ძიება.“- აღნიშნავს ნინო.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, ნინოს მიღებული აქვს საერთაშორისო განათლება ევროპის შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ალიკანტეს უნივერსიტეტი, ესპანეთი; ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია; ევროპული პროტოკოლის სკოლა, ბელგია; დიპლომატიის სკოლა, ესტონეთი.


საკუთარი საქმე


ნინომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, როდესაც უკვე მეორე ბიჭი შეეძინა, გადაწყვიტა „ერისიონის“ ძალიან ტკბილ ოჯახს გამომშვიდობებოდა.


„უკვე ჩემი პროფესიით დასაქმება გადავწყვიტე, რადგან ვთვლიდი რომ ვსწავლობდი სწორედ იმისთვის, რომ სწავლის დასრულებისთანავე პრაქტიკაში გამომეყენებინა საკუთარი პროფესია.


ფოტოზე: ნინო კეკელიძის შვილები, ზაკო და ლაზარე ჭუმბურიძეები


„ერისიონის“ შემდეგ ჩემი პირველი სამსახური იყო საქართველოს კონტროლის პალატა (დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სახელით ცნობილი), საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ვაკანტური პოზიცია  დამოუკიდებლად მოვიძიე და სრულიად დამოუკიდებლად გავიარე სტანდარტული გასაუბრებისა თუ შერჩევის სხვადასხვა ეტაპები. არასდროს ვეთანხმებოდი ბანალურ ფრაზას რომ „ძნელი იყო სამსახურის პოვნა“, მუდამ ვამბობდი, რომ ვაკანტური ადგილები და კარიერული შესაძლებლობები ძალიან, ძალიან ბევრი იყო, მთავარი ადამიანის მონდომება და სწორი დამოკიდებულება იყო. ჩემმა პირველმა სამსახურმა გამაძლიერა პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, სამუშაოსადმი სწორი დამოკიდებულებითა და მასწავლა სიტყვა - პროფესიონალის პირდაპირი მნიშვნელობა. სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე უკეთ დამანახა იმ დროს (2009-2011 წლები) ჩვენს ქვეყანაში არსებული ტურიზმის ინდუსტრია, ეკონომიკა, დიპლომატია და პროტოკოლი.


ახალი იდეების სრულყოფაში მოსაყვანად გადავწყვიტე უარი მეთქვა საკმაოდ კომფორტულ და პროფესიონალურ სამსახურზე და სახელმწიფო სექტორიდან გადავსულიყავი კერძო სექტორში, კერძოდ, ჩამომეყალიბებინა საკუთარი ტურისტული კომპანია სახელწოდებით Discover Georgia.“ - იხსნებს ნინო კეკელიძე.


მიღწევები 

თავისი ცხოვრების განსაკუთრებულ ეტაპს ნინო კეკელიძე ასე იხსნებს:


„2011 წელს მე და ჩემმა მეგობარმა დავაფუძნეთ ტურისტული კომპანია, 1 წლის შემდეგ ჩემი მეგობარი საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად და გადმოვიბარე ორგანიზაციის მართვა. Discover Georgia დღეს ტურიზმის ინდუსტიაში ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს. დაუღალავი შრომის შედეგად კომპანიამ არაერთ წარმატებასა და აღიარებას მიაღწია.


დღეს, კომპანია წარმოდგენილია სათაო ოფისით საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ - სეუ-ში, ხოლო ფილიალით კი საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც ტურისტულ სერვისებთან ერთად ხდება ტურიზმით დაინტერესებული სტუდენტებისა და სხვადასხვა ინდივიდების სამუშაოზე დაფუძნებული პრაქტიკული სწავლების გადაცემა ახალ თაობასთან. ერთიანი ფანჯრის პრინციპით, დღეს, ჩვენ საქართველოში ერთადერთი ტურისტული ორგანიზაცია ვართ, რომლის ერთიან სივრცეში განლაგებულია მოქმედი ტურისტული კომპანია და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სასწავლო ცენტრი. კომპანია საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაცია IATA_ს აკრედიტირებული აგენტია საქართველოში, ასევე წარმოდგენილია საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წევრად."




ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი გარემოებები


„2011 წლიდან დღემდე არაერთი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ხელს გვიშლის სამეწარმეო საქმიანოს განხორციელების პროცესში.“- აღნიშნავს ნინო კეკელიძე და  გამოარჩევს 2 ძირითად მიმართულებას:


ტურიზმის ინდუსტრიაში არარსებული და/ან მოძველებული საკანონმდებლო ბაზა, სტანდარტები თუ რეგულაციები და 2. განათლების დაბალი დონე განსაკუთრებით სკოლის საშუალო განათლებაში.


სახელმწოფოს როლი ბიზნესის განვითარებაში


ნინო კეკელიძე თვლის, რომ სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების პროცესში.


„ხდება ქვეყნის პოპულარიზაცია საერთაშორისო მიზნობრივ ბაზრებზე, ახლო და მჭიდრო თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორის, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, თუმცა ძირეულია ამ ყველაფრის ერთიან სისტემად ჩამოყალიბება და არა ცალკეულ კომპონენტებად განხილვა. ქვეყანას სჭირდება მეტი კოორდინირება და შედეგზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება. ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და ხარისხიანი განათლება, რომელიც დასაქმებასა და ბაზრის მოთხოვნებზე იქნება ორიენტირებული.“- განმარტავს ნინო კეკელიძე.


განსაკუთრებული მადლობა 


ნინო კეკელიძე: „განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს თუ გარემოებას, რომელიც ცდილობდა ჩემს უკან დახევას, რომ არა ისინი, დღეს მე სხვანაირი ვიქნებოდი. მე მათ სიყვარული და წარმატება მასწავლეს.“



„ემოციურად ინტელექტუალური და შრომისმოყვარე“- ასეთია ნინო კეკელიძისისთვის პასუხისმგებლიანი ქალი მეწარმე, საქმიანი ქალისთვის, რომლის სამომავლო გეგმებიც მოკლედ ასე შემოიფარგლება:


პირადი და ორგანიზაციული განვითარება;

კეთილდღეობის ხელშეწყობა;

მეტი პოზიტივის გაცემა.


"კორონა ვირუსმა თავდაყირა დააყენა მსოფლიო და მათ შორის ჩვენი ორგანიზაციაც. როგორც ყველასთვის, ასევე ჩვენთვისაც შეჩერდა საქმიანობა, რამაც უკან დაგვხია და ჩვენი მიმდინარე თუ სამომავლო გეგმები რადიკალურად შეცვალა.  თუმცა, არ ვკარგავთ ოპტიმიზმს და გვჯერა, რომ მსოფლიო პანდემიის დასრულებისთანავე პირველი ტურიზმი აყვავდება. ადრე თუ გვიან ისევ ჩვეულ რეჟიმში ჩადგება მსოფლიო და ჩვენც შეგვეძლება დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს მეტი ხალისით და ენერგიით."- აღნიშნავს ნინო კეკელიძე. 



საინფორმაციო პორტალი „მხარე“ წარმატებებს უსურვებს ნინო კეკელიძეს თავისი სამომავლო გეგმების სისრულეში მოყვანაში. ვიმედოვნებთ, მისი ისტორია ბევრი ქალისთვის მეწარმედ ჩამოყალიბების მოტივაციის წყაროდ იქცევა.



წარმოდგენილი მეწარმე ქალები არაინ "ქალი და მეწარმე" ტრენინგების სერიის მონაწილეები.

ტრენინგები ჩატარდა 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" ხელშეწყობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი