კობა კობალაძე სრულიად საქართველოს, შეიარაღებული ძალების მთელ პირად შემადგენლობას შეიარაღებული ძალების დღეს ულოცავს

01 May 2020 00:52

„ემსახურო შენს ქვეყანას ეს რჩეულთა ხვედრია, ხოლო გმირობა და თავდადება რჩეულთა შორის რჩეულთ ხვდათ წილად! უფალმა გააძლიეროს თითოეული ქართველი ვაჟკაცი, ვისაც განგებამ პატივი არგუნა იდგეს სამშობლოს მშვიდობის და ერთიანობის სადარაჯოზე!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება თავდაცვისა და უშიშროების  კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა კობალაძე 30 აპრილს  - საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს და ამ მნიშვნელოვან თარიღს სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს სრულიად საქართველოს, შეიარაღებული ძალების მთელ პირად შემადგენლობას, ყველა ჯარისკაცს და მეთაურს.


როგორც კობა კობალაძე აღნიშნავს, 1991 წლის 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო და სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.


„ეს 29 წელი ჩვენი ქვეყნისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის ურთულესი გამოწვევებით აღსავსე გახლდათ! ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში! ჩვენ უამრავი გმირობის მაგალითი გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში!


თითოეული ჯარისკაცი ემსახურებოდა და ემსახურება მთავარს – ქართულ სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს!


ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, ვინც ბრძოლის ველზე დაეცა და ზეცად ამაღლდა, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, მაგრამ ქედს ვიხრი ასევე იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც საქართველოს ძლიერებასა და დამოუკიდებლობას წლები შესწირეს!


თქვენ ასრულებთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპატიო საქმეს დედამიწაზე და ამიტომ გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი დაფასება და სიყვარული! სიამაყით და მადლიერებით გილოცავთ დღევანდელ დღეს! გისურვებთ მშვიდობას, წარმატებებს, გამარჯვებას და დღეგრძელობას ქვეყნის და მამულის სასახელოდ! გფარავდეთ უფალი!“, - წერს კობა კობალაძე სოციალურ ქსელში.



კომენტარები:

ფართი შოპი