თავდაცვის ძალების 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედროები „ლოვას“ და „ჰაიქსის“ მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით არიან უზრუნველყოფილი. მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული, ცვეთაგამძლე უნიფორმა თავდაცვის ძალებში კიდევ ერთი სიახლეა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ახალ უნიფორმებსა და ფეხსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს და მათი შთაბეჭდილებები მოისმინეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სადემონსტრაციო კუთხესთან ახალი უნიფორმისა და ფეხსაცმლის უპირატესობებს დეტალურად გაეცნენ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თითოეულ ჯარისკაცს უმაღლესი ხარისხის, ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის ფეხსაცმელი და უნიფორმა აცვია.
მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანიების "ჰაიქსის“ და „ლოვას“ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის სამხედრო ფეხსაცმელი წარმოებულია ექსკლუზიურად მხოლოდ ევროპული ნედლეულით, ინოვაციური და მაღალი ტექნოლოგიების მქონე გერმანულ საწარმოებში და აღჭურვილია მაღალი ხარისხის გორტექსის მასალით, რაც უზრუნველყოფს ფეხსაცმლის წყალგამძლეობას, ქარგაუმტარობას და ჰაერგამტარობას. ახალი ფეხსაცმელი წარმოებულია მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების მქონე საწარმოში, რომელიც ასევე ამარაგებს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვეიცარიის, პოლონეთის, თურქეთის, ბელგიის, ირლანდიის, დანიის და სამხრეთ კორეის შეიარაღებულ ძალებს. აღსანიშნავია, რომ ფასები მნიშვნელოვნად დაბალია მათ საბაზრო ღირებულებაზე, ასევე სხვა ქვეყნების შესყიდვებთან შედარებით, რაც გამოწვეულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ წარმატებული კომუნიკაცია-მოლაპარაკებით და ასევე, კონტრაქტის შუამავლების გარეშე პირდაპირ მწარმოებლებთან გაფორმებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კომპანიებს ჰყავთ საქართველოში წარმომადგენლები.
მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული, ცვეთაგამძლე უნიფორმა თავდაცვის ძალებში კიდევ ერთი სიახლეა. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სრულად არის უზრუნველყოფილი განახლებული და მაღალი ხარისხის, ნატოს წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ჯარის უნიფორმის ქსოვილის შესაბამისი სტანდარტის, კომუფლირებული უნიფორმით - პიჯაკი, შარვალი, კეპი.