"კრიმინალების შეწყალების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პოლიტიკური პოლარიზაციისა და დაპირისპირების დაუშვებლობით ახსნა. პირადად ჩემთვის, ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობისთვის, ეს რთულად მისაღები, საკამათო პოზიციაა."- აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ცოტნე ზურაბიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, შეუძლებელია პოლარიზაცია ქვეყნის განვითარებისთვის მშრომელ მოსახლეობის უმრავლესობასა და დესტრუქციულ, საკუთარ ამბიციებზე ორიენტირებულ მცირე ჯგუფებს შორის.
"შეწყალების აქტის ერთადერთი სარგებელი ისაა, რომ ასეთ ძალებს საბოლოოდ გამოეცალა ხელიდან ყველანაირი საბაბი, მხარი არ დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებებს.
ასე რომ, ამ გადაწყვეტილებით ჩვენი დღის წესრიგი არ იცვლება - შექმნილ რეალობაში გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის უხილავი თუ ძალიან აშკარა მტრების წინააღმდეგ, ყოველდღიურ ძალისხმევას უკეთესი მომავლისათვის. ყველა, ვინც დღეს იმედგაცრუებულია, თავის სათქმელს მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად სწორედ საპარლამენტო არჩევნებზე იტყვის და საბოლოო ვერდიქტს გამოუტანს მათ, ვისი თითოეული ნაბიჯიც ქვეყნის განვითარების წინააღმდეგაა მიმართული."- აღნიშნავს ცოტნე ზურაბიანი.