„არავინ ელოდა, რომ კორონავირუსის გავრცელება ასეთ მასშტაბებს მიიღებდა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა POSTV-ს ეთერში განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ის რომ, ეპიდემია იქნებოდა და არა პანდემია, მალე აღვიქვით და საქართველომ მალე დაიწყო მზადება.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ხნის განმავლობაში მოგვიწევს პირბადის ტარება.
„ვერ გეტყვით, რომ პირბადე მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭირო აქსესუარი გახდება, მაგრამ რაღაც პერიოდი ასე იქნება. მე მგონია, რომ დაახლოებით, 1-2 წელი“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.
საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.