პარლამენტში ინიცირებულია ცვლილებები ,,საგადასახადო კოდექსში“, რომლის მიზანიც თხევადი გაზის იმპორტთან დაკავშირებით კანონდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და უფრო გამჭვირვალე, სამართლიანი და კონკურენტული საგადასახადო წესების დადგენაა. პროექტის მიხედვით, თხევადი გაზის იმპორტი დღეს არსებული რთული, ორეტაპიანი დაბეგვრის ნაცვლად ერთ რეჟიმს დაექვემდებარება. დღეს მოქმედი რეგულაციით თხევადი გაზი საყოფაცხოვრებო და კომერციული მიზნების ნავთობპროდუქტებად იყოფა და ერთი ტონა, ორ ეტაპად 180 და 120 ლარით იბეგრება. ეს ქმნის პრობლემას როგორც ადმინისტრირების, ასევე ბაზარზე ოპერირების თვალსაზრისითაც. შემოთავაზებული პროექტით, დაყოფა გაუქმდება, ხოლო გადასახადის ადმინისტრირება ერთიანად, იმპორტის ეტაპზევე მოხდება. გარდა ამისა, მოხდება დაზუსტება იმ საგადასახდო კოდებთან დაკავშირებითაც, რომლითაც კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილი თხევადი გაზის კომპონენტები აქციზის გადასახადის გარეშე შემოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ ცვლილება გავლენას არ ახდენს არც საყოფაცხოვრებო და არც ავტომობილებისთვის განკუთვნილი თხევადი გაზის ფასზე. ე.წ. სოციალურ გაზზე ფასის სტაბილურად შენარჩუნებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს და მომავალში ფასის მატების რისკს დაარეგულირებს. კომერციული, მათ შორის ავტომობილებისთვის განკუთვნილი თხევადის გაზის გადასახადი უცვლელი რჩება.
საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემდეგ, შეუძლებელი გახდება საყოფაცხოვრებო გაზის არაკეთილსინდისიერი, კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, რის გამოც ზიანი ადგება როგორც მომხმარებელს და კერძო სექტორს, ასევე სახელმწიფო ყოველწლიურად 10 მილიონ ლარზე მეტით ზარალდება.
ინიციტივის ავტორები პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები არიან. პროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებთან და კერძო სექტორთან - საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან და თხევადი გაზის ასოციაციასთან.