თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს ღამის 12 საათამდე მიიღებენ

01 Jun 2020 18:22

1-ლი ივნისიდან იუსტიციის სახლის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები მომხმარებლებს 09:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურებიან. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, იუსტიციის სახლის ყველა პროდუქტი, მათ შორის, სერვისები  დაჩქარებული წესით, მათთვის მოსახერხებელ დროს მიიღონ.  

 

იუსტიციის სახლის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები მომხმარებელს 09:00-დან 00:00 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ეფექტურად განკარგონ საკუთარი დრო, სასურველ დროს დაჯავშნონ ვიზიტი და მიიღონ სერვისი საღამოს გვიან საათებშიც კი. სიახლე განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სამუშაო დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ იუსტიციის სახლში ვიზიტს.


იუსტიციის სახლის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებში  მომხმარებლები შეძლებენ განაცხადების წარდგენას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს,  აღსრულების ეროვნული ბიუროს და  სხვა უწყებების   სერვისების მიმართულებით.  


დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და  დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს  პორტალზე (my.gov.ge) დაჯავშნის; იმავე დღეს ვიზიტის დაგეგმვისას კი, მომხმარებლებმა ჯავშანი 22:00 საათამდე უნდა გააკეთონ.


ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ხუთენოვანი ელექტრონული სისტემა მოქმედებს. მნიშვნელოვანი სიახლეა მომხმარებლისთვის: დაინტერესებული პირი დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ,  ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს.


სერვისის მისაღებად მომხმარებელმა პორტალზე (my.gov.ge) კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი და დრო, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროს შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად იუსტიციის სახლის ფილიალში მისვლა.


მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ

-    ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება  მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge,  სადაც თვალსაჩინო ადგილზე არის განთავსებული ჯავშნის კალენდარი;

- დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე  მიიღებს  მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი  და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;

-   წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;

-   ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება.


აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების კომფორტსა და საჭიროებებზე ზრუნვა პირველი რიგის პრიორიტეტია და იუსტიციის სახლი სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მუშაობას მომავალშიც განაგრძობს.



კომენტარები:

ფართი შოპი