რომან კაკულია: „ახალი კანონის პროექტის მიზანია ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც იქნება რეაბილიტაციის წამახალისებელი ეფექტიანი მექანიზმები და ყველა კრედიტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სამართლიანად დაცვის გარანტიები“

08 Jun 2020 18:07

საქართველოს კანონის პროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტი საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.


რომან კაკულია: „გადახდისუუნარობის არსებული სისტემა, შეიცავს მნიშვნელოვან სამართლებრივ და ეკონომიკურ სისუსტეებს და ეს არაერთმა კვლევამ აჩვენა. პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ცდილობს, სწორედ, ამ სისუსტეების და ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აჭიანურებს გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობას.  


კანონპროექტი ითვალისწინებს  რეაბილიტაციის წამახალისებელი მექანიზმების შემოღებას, კრედიტორის ინტერესების მეტი დაცვის უნზრუნველყოფას, საქმის წარმოების პროცესში სასამართლოს როლის გაზრდას, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ახალი პროფესიის შემოღებას, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახლებურად წესრიგდება კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა გაკოტრების შემთხვევაში.


ამ რეფორმას არაერთი მიმართულებით ექნება დადებითი ეკონომიკური გავლენა. ამიტომ, ძალიან მნიშნელოვანი კანონპროექტია.“


ახალი კანონის პროექტის  მიზანია იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც იარსებებს რეაბილიტაციის წამახალისებელი ეფექტიანი მექანიზმები და ყველა კრედიტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მაქსიმალურად ეფექტიანად და სამართლიანად დაცვის გარანტიები. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია სასამართლოსთვის დროული მიმართვიანობის წახალისება, ვინაიდან კომპანიის ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების შემთხვევაში რეაბილიტაციის ალბათობა ბევრად მაღალია.

 

 

საქართველოს კანონის პროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“

ვრცელი ვარიანტი


სიღრმისეული ეკონომიკური კვლევა ცხადყოფს, რომ გადახდისუუნარობის არაეფექტიანი საკანონმდებლო ჩარჩო ცალსახა ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. არაერთმა ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოქმედი გადახდისუუნარობის არსებული სისტემა შეიცავს მნიშვნელოვან სამართლებრივ და ეკონომიკურ სისუსტეებს.


პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ცდილობს სწორედ ამ სისუსტეების და ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აჭიანურებს გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობას.  გამოიყოფა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:


- რეაბილიტაციის წამახალისებელი მექანიზმების შემოღება. მოვალის საწარმოს რეაბილიტაცია, როცა ამის შესაძლებლობა არსებობს, არის გადახდისუუნარობის ყველა ღონისძიების ამოსავალი წერტილი უნდა იყოს. რეაბილიტაციის წახალისება გამოიხატება როგორც გაცხადებული მიზნებისა და პრინციპების დონეზე, ასევე რეაბილიტაციის წამახალისებელი არაერთი მექანიზმის გათვალისწინებით, როგორიცაა მოვალის მართვაში დატოვება, გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციის რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობა და სხვ.


- საქმის წარმოების პროცესში გაიზრდება სასამართლოს როლი, რომელიც მომრიგებელი საბჭოს ნაცვლად მიიღებს მოვალის რეაბილიტაციისა თუ გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილებას, რაც განიხილება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად კორუფციული რისკების შემცირების თვალსაზრისით.  არსებული პრაქტიკა ადასტურებს, რომ მომრიგებელი საბჭოს საქმიანობა არ არის ეფექტიანი, პრობლემურია მომრიგებელ საბჭოში შესაბამისი კომპეტენციის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირების შეყვანა.


- განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ახალი პროფესიის შემოღება. გადახდისუუნარობის პროცესში მონაწილე ისეთი მნიშვნელოვანი სუბიექტები, როგორებიცაა რეაბილიტაციის მმართველი, გაკოტრების მმართველი, რეაბილიტაციის ზედამხედველი, შეიძლება იყოს მხოლოდ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი, რომელიც იქნება შესაბამისი განათლების და გამოცდილების მქონე ავტორიზებული პირი. აღსანიშნავია, რომ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი შეირჩევა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რაც მინიმუმამდე შეამცირებს საქმის წარმოებაში ტენდენციური გადაწყვეტილების  მიღების რისკებს.


- კანონპროექტით ახლებურად წესრიგდება კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა გაკოტრების შემთხვევაში. მოქმედი კანონით შემოსავლების სამსახური განიხილება უზრუნველყოფილ კრედიტორად იმ შემთხვევაში, თუ მას მოვალის მიმართ გამოყენებული აქვს უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა), შესაბამისად ის კმაყოფილდება სხვა უზრუნველყოფილ კრედიტორებთან ერთად. აღნიშნული მიდგომა იცვლება და შემოსავლების სამსახური გადაინაცვლებს არაუზრუნველყოფილი კრედიტორების რიგში, რაც უზრუნველყოს კერძო სექტორის წარმომადგენელი კრედიტორების ინტერესების მეტად გათვალისწინებას და დაკმაყოფილებას.


- მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების  გახსნამდე წარმოშობილი მოთხოვნებიდან პირველ რიგში კმაყოფილდება პრეფერენციული მოთხოვნები, რომელიც წარმოადგენს სახელფასო და შვებულების ხარჯებს, ასევე საწარმოო ტრავმის გამო გადასახდელ თანხას.  


- კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ე.წ. სასამართლოსმიღმა პროცედურას რეგულირებული შეთანხმების სახით, რომელიც ფინანსური სირთულეების გადალახვის ალტერნატიულ გზას წარმოადგენს და მიზნად შეიძლება ისახავდეს მხოლოდ რეაბილიტაციას.


- კანონპროექტით ჩნდება სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ცნება, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მოვალის საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტა არსებით ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესს, მაშინ ასეთი მოვალის ქონების რეალიზაცია განხორციელდება ერთიანი კომპლექსის სახით ან სხვა იმგვარი ფორმით, რომელიც ხელს არ შეუშლის მისი საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნებას.


- კანონპრექტი ითვალისწინებს ასევე სხვა მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფს კრედიტორთა კოლექტიური ინტერესების (და არა ინდივიდუალური კრედიტორის) მეტ დაცვას.


სამართლებრივ გარემოსა და ეკონომიკურ შედეგებს შორის მყარი კავშირი არსებობს, შესაბამისად მოსალოდნელია, რომ რეფორმას არაერთი მიმართულებით ექნება დადებითი ეკონომიკური გავლენა.



კომენტარები:

ფართი შოპი