რა მოსდის ტყეს გადაწვის შემდეგ...

25 Aug 2017 15:43

უკვე რამდენიმე თვეა National Geographic საქართველო მუშაობს სტატიაზე, რომლის გამოქვეყნება შემოდგომის ერთ-ერთ ნომერში იგეგმებოდა. სტატიის მთავარი თემა ბორჯომის ხეობის ტყე იყო და ჩვენს მიზანს წარმოადგენდა, გაგვეანალიზებინა, თუ რა პროცესები მოსდევს ტყის მასიურ გადაწვას, რა ემართება ბიომრავალფეროვნებას და როგორ ხდება ტყის რეგენერაცია. გვინდოდა, მკითხველისთვის დაგვენახებინა ის პროცესები, რომლებიც თვალით ხილულის მიღმა მიმდინარეობს და ჩვენს ეკოსისტემასა და თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას.


მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დაწყებული ტრაგედიის გამო, გადავწყვიტეთ, სტატიის მოკლე ვერსია ვებგვერდის საშუალებით შემოგთავაზოთ - სამწუხაროდ, ჟურნალში გამოქვეყნებამდე მასში ბევრი რამის შეცვლა მოგვიწევს და 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიასთან ერთად, 2017 წლის აგვისტოს ხანძრის გაანალიზებაც.



რა მოსდის ტყეს გადაწვის შემდეგ?


„ტყის გაკაფვას მიმართავდნენ აქ მიწის ნაკვეთების მისაღებად არა მარტო ნათესისათვის, არამედ მეცხოველეობის, სათიბების, საძოვრების, მეფუტკრეობისა და ლითონის დამუშავებისთვისაც.“ - ასე აღწერდა ეთნოლოგი გიორგი ჩიტაია ახოს აღების ტრადიციას საქართველოში. ტყის ჩეხა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20-ს დასაწყისშიც კი, მიღებული კულტურა იყო. ახოს აღება საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და უმჯობესდებოდა. სწორედ ამიტომ ადამიანის ჩარევა ბუნებაში ზომიერი და გონიერი გადაწყვეტილება იყო და ის არ იწვევდა გეოლოგიურ კატასტროფებს. ამ მხრივ, ქართული კულტურა ბუნებასთან და გარემოსთან ჰარმონიულად თანაარსებობდა...


მაგრამ რა ხდება, როცა ტყე იწვის? ასობით და ათასობით კვადრატული მეტრი ბუნებრივი ტყით დაფარული ფართობი რამდენიმე დღეში ნადგურდება? სად მიდიან გადარჩენილი ფრინველები, ციყვები, ირმები, მგლები თუ სხვა ტყის ბინადრები? როგორ იწყებენ ახალ ცხოვრებას?


2008 წელს რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დროს რფ-ის ჩამოგდებულმა ნაღმებმა ცეცხლი ბორჯომის ხეობის ტყეში გააჩინა. ხანძრამა მოიცვა 950.9 ჰექტარი მიწის ფართობი და 250 ჰექტარი ტყის მასივი სრულიად განადგურდა. რა თქმა უნდა, აგვისტოს ცხელ დღეებში საქართველოს გაცილებით რთული საკითხები ჰქონდა მოსაგვარებელი, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის, თურქეთისა და უკრაინის ავიაციის დახმარებით, ხანძრის ლიკვიდაცია შედარებით დროულად მოხდა. ბორჯომში ხანძარი 12 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტომდე გაგრძელდა. განსაკუთრებით დაზიანდა სოფელი დაბისა და წაღვერის მიმდებარე ტერიტორია - ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ადგილები. აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ფოტო-ფონდებში დღემდე ინახება 1905-1915 წლებში გადაღებული ფოტო, რომელზეც სოფელი დაბა და მისი მიმდებარე ტყით დაფარული ტერიტორიაა გადაღებული. ფოტოს ავტორი სერგეი პროკუდინ-გორსკი, რუსეთის გეოგრაფიული და ტექნიკური საზოგადოების წევრია, რომელიც რუსეთის იმპერიაში მოგზაურობისას, განსაკუთრებულ ადგილებს აღბეჭდავდა.


ხანძარმა გამოავლინა, რომ სახელმწიფო მოუმზადებელი აღმოჩნდა მსგავსი მასშტაბის კატასტროფისთვის - შეთანხმებული მეთოდი, თუ როგორ უნდა მომხდარიყო დამწვარი ტყიდან მორების გამოტანა, არ არსებობდა. განსაკუთრებით საშიში გადარჩენილი, მცირე ნარგავების დაზიანება იყო.


პირველადი ზარალის დათვლის შემდეგ, დაიდო წინასწარი დასკვნები, დაზიანებული ხე-მცენარეების აღწერით, კუბური მეტრების ჩამოთვლითა და ა.შ. მაგრამ ამ სტატისტიკაში მთავარი ისევ დაიკარგა: რა განადგურდა კონკრეტულად?


ბორჯომის ხეობის ტყეში 30-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათ შორისაა 30 სმ-ზე ოდნავ დიდი მტაცებელი კირკიტაც (Falco Tinnunculus), მოწითალო ჟანგისფერი შეფერილობით. კირკიტა გაზაფხულზე დებს კვერცხებს და მაისის ბოლოსთვის, უკვე, როგორც წესი, ბუდეში დაახლოებით 5 ბარტყი ჰყავს. შემდეგ იწყება მათი გამოკვების რთული და შრომატევადი საქმე მცირე მღრღნელებით, ხვლიკებით, დიდი ზომის ხოჭოებითა და მწერებით. საკვების მოპოვების საქმეში კირკიტას კონკურენტი მეზობელ ხეზე მობინადრე ჩვეულებრივი კაკაჩაა (Buteo buteo). მასაც იმავე კვების რაციონი აქვს. ამდენად, მათთვის საკვების მოპოვება თვალისა და ბრჭყალის სიზუსტის გამოცდაა. კირკიტას მოდუნების უფლება არ აქვს, მას თავის მეწყვილესთან ერთად 5 ბარტყი ჰყავს გამოსაკვები. მთელ ივნისსა და ივლისს ამაში ატარებს, ბარტყები ფრენას სწავლობენ და იბუმბლებიან. ასე იყო 2008 წლის აგვისტოშიც, მანამ, სანამ ერთ რიგით მზიან დღეს, ტყეში უცნაური ფუსფუსი არ ატყდა - ტყეს ცეცხლი ეკიდა.


საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ინტერვიუს დროს ყვება, რომ ხანძარი სხვადასხვა სახეობის შეიძლება იყოს: ბორჯომში გაჩენილ ხანძარს მაღლარი ხანძარი ეწოდება. ცეცხლი წიწვოვან ტყეს უჩნდება და ხიდან ხეზე გადადის. ზოგჯერ, შესაძლოა, მიწას არც კი მიწვდეს. მაღლარი ხანძრის დროს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ალმოკიდებული გირჩები სკდება და კასეტური ნაღმივით იტყორცნება სხვადასხვა მხარეს. ამიტომ მსგავსი ცეცხლის მიმართულების პროგნოზირება ძალიან რთულია.


სწორედ ასე მოხდა ბორჯომში. დაბის მიმდებარე მთათა სისტემაში დღესაც დგას სასწაულებრივად გადარჩენილი სოჭის (Abies nordmanniana) კორომები. თუმცა, ჩვენი ნაცნობი კირკიტას ხე და მიმდებარე ტერიტორია ალში გაეხვა, გარემო ნაღმებად ქცეული გირჩებით გაივსო. კირკიტას შეშინებულმა ოჯახმა ბუდე დატოვა, თუმცა მამა და ნაბოლარა ბარტყი, რომელსაც ფრენა ჯერ კიდევ უჭირდა აგვისტოს ცეცხლში დაიწვნენ, ისევე როგორც იმავე ხის გვერდით კავკასიური ფიჭვის (Pinus kochiana) ტოტებში გახლართული შველი - ზარალის დამდგენი კომისიის აღწერებში ვკითხულობთ, რომ ხანძრის შედეგად დაიწვა შვიდი შველი და ერთი მურა დათვი. ბორჯომის ხეობაში 2008 წელს დამწვარი ტყეების ბოტანიკურ-ეკოლოგიური და ზოოლოგიური კვლევების შედეგები კი გვამცნობს: „...მსხვილი ძუძუმწოვრებისა და ფრინველების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დროულად დატოვა კატასტროფის ადგილი, თუმცა მათი ჰაბიტატები მთლიანად განადგურდა. წვრილი ხერხემლიანები, უხერხემლო ცხოველთა უმეტესობა და ადგილსამყოფელი ხანძარმა შთანთქა“.


მძიმე სანახავია ნახანძრალი ადგილი. თითქმის 10 წლის შემდეგაც კი, უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს ეს მოშიშვლებული ტერიტორიები. თუმცა, ახლა აქ ტყის ხელოვნური გაშენების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 2013 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ დაწყებულმა ხანგრძლივმა და შრომატევადმა საქმემ, 2017-ში ახალი სიცოცხლე შეიძინა ქართულ სტარტაპ Treepex-თან ერთად. გეგმაში 750 ათასი ხის დარგვაა, ეს სწორედ ის რაოდენობაა, რომელიც დაზიანებული ტყის მასივის აღსადგენადაა საჭირო.


ეროვნული სატყეო სააგენტოს ექსპერტებმა დასარგავ ძირითად სახეობად ფიჭვის კონტეინერული ნერგები შეარჩიეს, რადგან მათ გადარჩენის მაღალი მაჩვენებელი გააჩნია. ირგვება ფოთლოვანი სახეობებიც (მუხა, ნეკერჩხალი და სხვა), ხოლო, მოგვიანებით ნაძვისა და სოჭის ნერგებიც დაემატება - იმის უზრუნველსაყოფად რომ ადგილზე ხანძრამდე არსებული ტყის ეკოსისტემა მივიღოთ. მათი გადაწყვეტილება მოწვეული ექსპერტების სტელან კარლსონისა (შვედეთი) და დიტერ მიულერის (გერმანია) მიერ იქნა გამყარებული. პროცესში კერძო კომპანიები, მათი თანამშრომლები და უბრალოდ, ბუნების მეგობრები მონაწილეობენ. რადგან მოსალოდნელი შედეგები საყოველთაო, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს, ჩართულობის საშუალებაც ნებისმიერ რაციონალურად მოაზროვნე მოქალაქეს ეძლევა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა - მინიმუმ, 10 ლარის გადარიცხვა. 


დაირგო კიდეც უკვე ათასობით სოჭი, მუხა თუ ნეკერჩხალი, მაგრამ ძნელია, დაბის მიმდებარე ტერიტორიას ტყე უწოდო.


როდისაა ტყე ტყე? შეძლებს კი ეს ადგილი ისევ უმასპინძლოს ჩვეულებრივ კირკიტას, კაკაჩას, ცოციასა (Sitta Europea) თუ სხვა ფრინველს? ტყის რეგენერაციას 50-100 წელი მაინც სჭირდება, სანამ ხელოვნურად დარგული ნერგები ბუნებრივად მოახდენენ გამრავლებას და ადამიანის ჩარევას აღარ მოითხოვენ. თუმცა, მანამდე გასარკვევია, რა მოსდის ადგილობრივ მიკროკლიმატს გადაწვის შემდეგ? რა გავლენას ახდენს ადამიანის ჩარევა მასზე?


გადაწვის შემდეგ, დიდი ფართობის ნიადაგი გამოთავისუფლდა მრავალწლოვანი ხე-მცენარეებისაგან და ამან ერთწლოვან ბალახს მისცა გასაქანი. იქ სადაც ნიადაგის ნაყოფიერი ფენა დაწვასა და გადარეცხვას გადაურჩა, მალევე დაიწყო თვითგამრავლების პროცესი. თუმცა, სახეობები, რომელთაც ფეხი მოიკიდეს, სოჭისა და ფიჭვის დაბრუნებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 2010 წელს ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ გვიმრისა და მაყვლოვანი სახეობებით მოხდა არსებული ტერიტორიის თვითრეგენერაცია. ამას ისიც ემატება რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფერდობები ძლიერ დახრილია და წვიმას აღარაფერი აკავებს. შედეგად, ნიადაგის ზედა ფენა ე. წ. ჰუმუსი მუდმივ გადარეცხვას განიცდის.


ხეები აღარ აკავებენ ნალექის შედეგად მოსულ წყლის მასას და ისიც დაღმართისაკენ მიექანება. იქ ქვემოთ, მთის ძირას კი სოფელია. სოფელი დაბა, რომლის მცხოვრებლებიც გულმოდგინედ ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას.


სოფელ დაბას ჩამოუდის მდინარე ნაღვარები, ანუ დაბის წყალი, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ. კვლევები ცხადყოფს, რომ მისი წყალშემკრები აუზის 100% განადგურებულია. შედეგად, მძიმე გეოლოგიური პროცესები წავიდა და უკვე 2010 წელს ნაღვარებმა წარმოქმნა 12-15 000 მ3 მოცულობის ქვა-ტალახიანი ღვარცოფი. რომ არა მდინარის კალაპოტში არსებული კლდოვანი შვერილი, წყლის, ტალახის, ხეებისა და ქვა-ღორღის მასა მთელი ძალით დაატყდებოდა თავს სოფელს.


გარდა ღვარცოფისა, ტყეს სხვა მაკონტროლებელი ფუნქციაც გააჩნია: სოკოვანი და სხვა დაავადებების შეკავება. ნიადაგსა თუ ხის მერქანში მუდმივად ცოცხლობენ სხვადასხვა სახის ბაქტერიები, სოკოები და ხის ჭიების ათეულობით სახეობა. მას შემდეგ რაც ხეებისგან მხოლოდ ვარჯი შემორჩება, მზის სხივები ნიადაგამდე ადვილად აღწევს და აღვიძებს წლობით მიძინებულ სახეობებს.


მაგალითად, ერთგვარი პარაზიტული ჭიები - ნემატოდები. ისინი უკვე მრავალი ათეული ათასი წელია სახლობენ დედამიწაზე. მათი გავრცელების არეალიც ძალიან დიდია. ნემატოდებიდან ზოგი სახეობა ადამიანის ორგანიზმშიც ბუდობს - მაგალითად ასკარიდა. ხანძარმა ნემატოდების 79% გაანადგურა. 2008 წლის სექტემბერში ჩატარებულმა კვლევამ მხოლოდ 4 სახეობა გამოავლინა ნიადაგში. თუმცა, უკვე ორ წელიწადში, 2010 წელს, სახეობების რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. რამ განაპირობა ეს? მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნიადაგი თვითაღდგენას ცდილობს და მასში დაცულ ყოველ ცოცხალ ორგანიზმს აძლევს განვითარების შესაძლებლობას. თუმცა, გადაწვიდან მომდევნო გაზაფხულზე ამოსულ ხე-მცენარეთა ამონაყარზე მრავლად დასახლდნენ ბუგრები - მცირე ზომის ტკიპები, რომლებიც გადარჩენილ ხე-მცენარეთა განვითარებას უშლიან ხელს. ეს მომრავლებული მავნებლები იმ მცირე ზომის ფრინველებს იზიდავენ, რომლებიც მწერებით იკვებებიან. სწორედ ამიტომაა, რომ აქაურობის ხშირი სტუმრები გახდნენ სკვინჩა (Fringillla Coelebs) და გულწითელა (Erithacus rubecula), თუმცა, საცხოვრებლად ჯერ ისევ ცოცხალ ტყეს ამჯობინებენ. ასევე იქცევა ნაძვის ნისკარტმარწუხაც (Loxia Curvirostra), ბეღურაზე ოდნავ დიდი ფრინველი დამახასიათებელი ნისკარტის ფორმითა და მჭახე სტვენით: „ჩიპ-ჩიპ“. საერთოდ, ის ნაძვისა და სოჭის ტოტებზე სახლობს, მისთვის მოსაწონი სიმაღლის ხეები კი აქ კიდევ 10-15 წელიწადი არ იქნება. მათ დაბრუნებასა და მყარად დამკვიდრებასთან კი პირდაპირ კავშირშია ჩვეულებრივი კირკიტას ბორჯომის ტყეში დაბრუნება - ის ხომ მომცრო ფრინველზე ნადირობს.


ასე რომ ტყე, უფრო კი 1000 ჰექტარი მინდორი მოლოდინშია. სანამ აქაურობა ნაცნობი ხმებით, ნაფეხურებითა და ძველი სახეობებით შეივსება, კიდევ ბევრი თაობის კირკიტა გამოიზამთრებს ძველი საბინადროდან მოშორებით.


ზოგი სახეობა თვის ძველ საბინადროს იმახსოვრებს და შთამომავლობასაც გადასცემს ამ ცოდნას. მათი დაბრუნებაც რთული იქნება, რადგან ახალი თაობა უკვე ახალ ადგილზე გაიზრდება. ასე მაგალითად, საქართველოში გამომზამთრებელი სახეობებიდან ბორჯომის ხეობის ტყეში ბინადრობს ე.წ. რუხი ღაჟო (Lanius excubitor). ის საქართველოში ჩრდილოეთიდან მოდის და ნოემბერ-მარტის თვეებს აქ ატარებს. რუხი ღაჟო (ფრინველთა დაცვის ევროპის კავშირის მესამე დირექტივაშია შეტანილი, რადგან მისი რიცხოვნობა მცირდება), მკაცრად ირჩევს დასაჯდომ ადგილებს. 2008 წლის ნოემბრის პირველ რიცხვებში ნორვეგიიდან მოფრენილთ, ბორჯომის ხეობის ტყეში ახალი გარემო დახვდათ. ფრინველისთვის, რომელიც ბრძოლით იპოვებს საკუთარ ტერიტორიას, მეტად რთულია მისი დათმობა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადგილის შერჩევისას მნიშვნელობა საკვები მარაგის არსებობას ენიჭება, ადვილი მისახვედრია, რომ რუხი ღაჟო მალევე დატოვებდა დაბის მიმდებარე ტერიტორიას და ახალი საბინადროსთვის გაძლიერებულ კონკურენციაში ჩაებმებოდა.


ტყე მრავალი სახის გადამფრენი ფრინველის გამტარია და როცა შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებულს, ახალი რეალობა ხვდება, იძულებულია ახალი ტერიტორიები აითვისოს. ხშირად ეს ადამიანით დასახლებული ტერიტორიებია, რაც ბუნებრივია კონფლიქტებს წარმოშობს ადამიანსა და ველურ ბუნებას შორის. კიდევ ერთი მიზეზი, რაც ადამიანსა და ბორჯომის ხეობის ტყის ბინადრებს აპირისპირებს გირჩის მურაბაა. იმიტომ არა, რომ ფრინველები, ციყვები და მცირე ზომის მღრღნელები ამ ეგზოტიკურ დელიკატესს ყვარობენ, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები ეცილებიან ტყის ბინადრებს ამ დელიკატესის სიყვარულში. ნედლი გირჩისგან დამზადებულ ტკბილ მურაბას, რომელსაც სასიამოვნო არომატთან ერთად სასარგებლო თვისებებიც გააჩნია, ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ თუ პროფილაქტიკისთვის იყენებენ. ბორჯომში ჩასვლისას ნათელი ხდება, თუ რამხელა წარმოებად იქცა გირჩის მურაბა. აქ ბორჯომის ცენტრალური პარკისკენ მიმავალს, მოგიწევთ გირჩის მურაბით მოვაჭრეთა მთელი ხეივანი გაიაროთ. აქვე იყიდება ფიჭვის მტვერი, ნაძვის კევი და სხვადასხვა კომბინაციით დამზადებული გირჩის შეჭამანდები. ადგილობრივებმა წიწვოვანთა სახეობები უკვე საუკუნეზე მეტია აითვისეს. პარკში სხვებთან ერთად დგას ქალბატონი ციცოც, 76 წლის მოხუცი, რომელიც საკუთარი ხელით დამზადებული გირჩის მურაბით იწონებს თავს.


„მაისის პირველ ან მეორე კვირაში უნდა მოკრიფო, სანამ სათანადო სირბილისაა და სამი დღით წყალში გააჩერო, ამით სიმწარეს დაკარგავს. მერე კიდევ შაქრის სიროფი უნდა მოამზადო და ყოველ ერთ კილო გირჩზე ორი კილო შაქარი უნდა დააყარო. შემდეგ უნდა ხარშო 6-7 საათი. სანამ მუქ ყავისფერს არ მიიღებს. მე ამხელა ქალი მოვიწიე, აქ დავიბადე, გავიზარდე და სულ ჩემით ვაკეთებ ამას, თვითონვე მოვაგროვებ ხოლმე, სხვისას არასდროს ვყიდი. ნაძვის მტვერსაც მე ვაგროვებ. მაგრამ, წელს ნახევარზე მეტი წვიმდა ამის მოგროვების დროს და წყლად ჩამოვიდა თითქმის ყველაფერი.“ - მეუბნება ქალბატონი ციცო, რომლისთვისაც, მიკროკლიმატის ცვლილება სერიოზული პრობლემაა, რადგან მისი რეგიონის სავიზიტო ნუგბარის დამზადება უფრო და უფრო რთულდება. ქალბატონმა ციცომ არ იცის, რომ მოჭარბებული ნალექი გარკვეულწილად, გადამწვარი ტყის ბრალიცაა. 1000 ჰექტარამდე ტყე აღარ იწოვს ჩამოსული ნალექის თავის წილს, რომელიც უფრო აქტიურად ორთქლდება და გვიბრუნდება უკან წვიმის სახით. ამას ისიც ემატება, რომ კლიმატის ცვლილება რეგიონშიც ისევე ცვლის გარემოს, როგორც დანარჩენ პლანეტაზე.


გირჩის მურაბის კიდევ ერთი მწარმოებელი ნიკო ჯაფარაშვილი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი. მას უკეთესი ადგილიც აქვს ბორჯომის პარკისკენ მიმავალ ხეივანში, თანაც გირჩის მურაბის გარდა, რეგიონში არსებულ უამრავ სამკურნალო მცენარეულობასაც სთავაზობს დასასვენებლად ჩამოსულ ტურისტს. ტურისტი კი ბევრია - უნიკალური ტყის ტურიზმით, ხომ ბორჯომი უკვე მე-19 საუკუნიდან იწონებს თავს. საქმე ისაა, რომ რუსეთის იმპერატორის ძმა ნიკოლოზ რომანოვი სუსტი ფილტვების გამო, ბორჯომში განაწესეს, სწორედ მაშინ დაიწყო ბორჯომის ტურისტული აღმავლობის ხანა. თუმცა, ბორჯომი მანამდეც წარმოადგენდა სამკურნალო-ტურისტულ მიმართულებას. ხალხს აქ ფიჭვის (Pinus kochiana) მტვერი იზიდავდა მაისის პირველ-მეორე კვირაში.


ნათია იორდანიშვილი აქტიურადაა ჩართული ბორჯომის ტყის აღდგენის საქმეში. მისი აზრით, სანამ სოჭის დარგვა დაიწყება, ჯერ გარემო და მიკროკლიმატი უნდა მომზადდეს. სხვა სახეობებმა უნდა გაიხარონ იმისათვის, რომ სოჭისთვის საჭირო ტემპერატურული და კლიმატური პირობები შეიქმნას. ასე რომ, ყველაზე მთავარი სახეობის დაბრუნება დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ მხოლოდ გეგმაა. 2008 წლის აგვისტოში 204 116 ხე დაიწვა, მათგან 21 944 ფიჭვი საუკუნეზე მეტი ხნის იყო.


ამ ტყის აღდგენას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს - თითქოს ის 2008 წლის მოვლენების ერთგვარ, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესად იქცა. იმისთვის, რომ ტყემ დამოუკიდებლად შეძლოს არსებობა, 750 000 ძირის დარგვაა საჭირო. თუ ტყე გაიხარებს, ნელ-ნელა ფლორა-ფაუნის მრავალფეროვნებაც აღდგება. მანამდე კი, აქ მხოლოდ მინდორში ცხოვრების მოყვარულები თუ გამოჩნდებიან ხოლმე - მინდვრის თაგვები, ლოკოკინები და ჩიტბატონებიც - აქა-იქ.


წყარო: nationalgeographic.ge


კომენტარები:

ფართი შოპი