სამწუხაროდ, დღეს ისევ გვიწევს დავიწყოთ საუბარი ციფრებზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედეგად. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს ეს ბევრი არ არის, მეტიც გვქონია, მაგრამ ამ 8 შემთხვევიდან სამწუხაროდ, 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელი. სამწუხაროდ, 2 შემთხვევაში, წარმომავლობის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ გაურკვეველია პირველწყარო. ფაქტობრივად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის დაწყებისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლა მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხია საჭირო.
„მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს. დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი და მიზანი გახლავთ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეპიდემიამ ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანა უკან დახია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვიმსჯელოთ ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე, დღეს ბიუჯეტი იქნება წარდგენილი პარლამენტისთვის და თქვენ დღეს აქ ხართ ყველანი იმისთვის, რომ სანამ ბიუჯეტი პარლამენტში წავა, წინასწარ გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები,“ - მიმართა პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომის მონაწილეებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ამ კრიზისის ყველაზე დიდი პრობლემა არაპროგნოზირებადობაა, ეს არის დიდი გამოწვევა გლობალური ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, საქართველოს პატარა, უკიდურესად ღია ეკონომიკისთვის კიდევ უფრო მძიმე და მწვავე გამოწვევაა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამიტომ, ხელისუფლების უდიდესი პასუხისმგებლობაა, ის მწირი რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მაქსიმალურად სამართლიანად და ეფექტურად იყოს გადანაწილებული ეკონომიკის ყველაზე უფრო დაზარალებულ სექტორებზე.
„სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ წარვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ეხებოდა პირველ რიგში ტურისტულ სექტორს, შემდგომ სოფლის მეურნეობას, დეველოპმენტს, განათლებას და ამ გზით გავაგრძელებთ. ყველაფერი, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ეს არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი. ამას კავშირი არ აქვს პოსტკრიზისული ეკონომიკის აღდგენასთან, ეს არის ცალკე საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ როგორც შიდა ასევე საერთაშორისო მაღალი დონის პროფესიონალებთან, შექმნილი გვაქვს რამდენიმე სამუშაო ჯგუფი ლონდონში, ნიუ-იორკში და რა თქმა უნდა საქართველოში, სადაც მონაწილეობენ, კემბრიჯის, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესურა და დელოიტის ნიუ-იორკის ოფისი. ეს იქნება გეგმა, რომელიც მიმართული იქნება 2021-2023 წლების ეკონომიკურ აღდგენაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო და დაასრულა მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან და კრიზისში სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა შეათანხმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სავალუტო ფონდთან შეთანხმებულია ანტიკრიზისული ბიუჯეტის პარამეტრებიც.
„ამ პარამეტრებით, ჩვენ ვპროგნოზირებთ ეკონომიკური ზრდის მინუს 4 პროცენტს, საშემოსავლო ნაწილში ჩვენ გვაკლდება ბიუჯეტში 1.8 მილიარდი. ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების თვალსაზრისით, ბიუჯეტში შემცირდება ხარჯები, დაახლოებით, 600 მილიონით და ბიუჯეტის დეფიციტი, ამ პარამეტრებით, საპროგნოზო, იქნება დაახლოებით 8.5 პროცენტი. ეს არის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო ისაუბრებს და წარმოგვიდგენს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით, მთავრობა პროგნოზირებს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ანტიკრიზისულ, სწრაფ აღდგენას.
„მომავალი წლის ეკონომიკური გეგმა, საპროგნოზო მაჩვენებლები არის მინუს 4 პროცენტი, ხოლო 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები, ეკონომიკური ზრდის, რომელიც არის შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, გახლავთ დაახლოებით 6 პროცენტი. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი არის პროგნოზი და დღევანდელი გლობალური კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა, არაპროგნოზირებადობაა. ამიტომ, ჩვენ, ყველანი, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით მზად უნდა ვიყოთ ყველა სახის მოულოდნელი გამოწვევებისთვის. სწორედ ეს გვკარნახობს ჩვენ, რომ რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მწირი რესურსი, გამოყენებული იყოს ძალიან ფრთხილად, მაქსიმალურად გონივრულად და სამართლიანად. ეს არის ძირითადი პრინციპები. მაგალითად მიზნობრივი სოციალური დახმარება ჩვენს მოქალაქეებზე გავანაწილეთ 6 თვეზე და არ მივეცით ერთჯერადად და კიდევ ბევრი მსგავსი ნაბიჯი ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რომელიც განპირობებული იყო სწორედ ამ დიდი გამოწვევით“, - განაცხადა პრემიერმა.