ბალახებში მიგდებული, ცელოფანში გახვეული ჩვილი სოფელ ქვემო ბოდბეს მცხოვრებლებმა ტირილის ხმაზე, ხევის პირას იპოვეს. გაირკვა, რომ ქალის ქმარმა მშობიარობის შესახებ არაფერი იცოდა. მომხდარის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ცოლმა მშობიარობის გართულების შემდეგ, საავადმყოფოში წაყვანა მოითხოვა.
ორსულობა არც მეზობლებს შეუნიშნავთ. ახლა მომხდარზე საუბარი უჭირთ. სოფელში ყვებიან, რომ ქალმა ფარულად იმშობიარა და ჩვილი სახლთან ახლოს დატოვა, სადაც ის და მისი მეუღლე ორი კვირაა ცხოვრობენ.
ახალშობილის დედა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 40 წლის ქალი საგარეჯოს კლინიკაში თავად მივიდა და აღიარა, რომ ბოდბისხევში იმშობიარა და ჩვილი მიატოვა. პალატასთან, სადაც ქალი მკურნალობის კურსს გადის, სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან. ექიმის განცხადებით, ქალი სამედიცინო დაწესებულებაში სისხლდენით მივიდა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მას შემდეგ, რაც მიტოვებული ჩვილი მეზობლებმა ნახეს, ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ. ახალშობილს პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს. რის შემდეგაც, წნორის არქიმედეს კლინიკაში, მოგვიანებით კი ლაგოდეხის საავადმყოფოს ბავშვთა ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. ბავშვს ახლა მედიკოსები აკვირდებიან, თუმცა, როგორი იქნება ბავშვის მდგომარეობა ექიმებს ამაზე საუბარი უჭირთ. მას შემდეგ კი, რაც დედა და ჩვილი გამოკეთდებიან, საქმეში სოცალური მუშაკი ჩაერთვება. დაუბრუნდება თუ არა ბავშვი დედას ამის შესახებ ჯერ უცნობია, სპეციალისტები გამოძიების მსვლელობას ელოდებიან.
რატომ დატოვა ქალმა საკუთარი შვილი? ამ კითხვაზე პასუხი თავად დედამ უნდა გასცეს. გამოძიება
ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების მუხლით მიმდინარეობს.