ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები" განიხილა, რომელიც ბავშვთა მიმართ დანაშაულებზე სანქციებს ამკაცრებს.
„ვისურვებდი, რომ ეს თემა არ იყოს აქტუალური არც წარსულში, არც აწმყოში და არც მომავალში, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევის წინაშე, რომელსაც ჰქვია ბავშვთა მიმართ სქესობრივი დანაშაულები - ბავშვთა ჩართვა პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში, მათ შორის, ოჯახის წევრების მხრიდან, რაც წარმოუდგენელ ზიანს აყენებს ბავშვებს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
მისი თქმით, ბოლო 2 წლის მონაცემებით, ბავშვთა მიმართ სქესობრივ დანაშაულთა სტატისტიკა მზარდია.
მისივე თქმით, ამ დანაშაულებში ჩართულია საერთაშორისო კრიმინალური ჯგუფები.
სოფო კილაძის განცხადებით, სასჯელის პირობითად ჩათვლა რამდენიმე სახის დანაშაულის მიმართ უნდა იყოს შეუძლებელი, ასევე არ იმოქმედებს ხანდაზმულობის ვადა ბავშვთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე.
„ხშირად გვაქვს შემთხვევები, როცა ბავშვების ჩაბმა ხდება პროსტიტუციაში. ეს შეიძლება იყოს ძალადობრივი ან არაძალადობრივი, მაგრამ პირველ შემთხვევაში დაუშვებელია ვისაუბროთ ჯარიმაზე, რაც მოქმედი კანონითაა გათვალისწინებული. ასეთმა ადამიანმა უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ მთელი რიგი ცვლილებები გვაქვს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.
მისი თქმით, მხოლოდ სანქციების გამკაცრება არ იქნება საკმარისი.
„ჩვენ ბავშვის უფლებათა კოდექსში ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის პროგრამებზე, რომ ასეთი ბავშვებისთვის შესაბამისი ფსიქოლოგიური და სხვადასხვა კუთხით დახმარების სერვისები გვქონდეს. ჩვენ მასობრივად ბავშვებთან უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მათ თავიდანვე ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ შესაძლებელია გახდნენ ასეთი ტიპის დანაშაულის მსხვერპლები და როგორ უნდა იმოქმედონ და დაიცვან საკუთარი თავი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2019 წლის საქმიანობის ანგარიში სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ წარმოადგინა.
მისი თქმით, 2019 წელი გამოწვევებითა და სიახლეებით გამოირჩეოდა.
მისივე ინფორმაციით, სამსახურს დაემატა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რამაც კიდევ უფრო გაზარდა სახელმწიფო ინსპექტორის როლი და პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
ლონდა თოლორაიამ ზოგადი სტატისტიკური ინფორმაციის პარალელურად ისაუბრა იმ შემთხვევებზე, რომლებზეც იყო მაღალი მომართვიანობა, რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებასთან ან გამოირჩევა სენსიტიურობით.
მისი ინფორმაციით, 2019 წელს მოქალაქეთა მომართვიანობა მზარდი იყო.
სამსახურს 422- მა პირმა მომართა. მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, როგორც მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით, შეისწავლა სახელმწიფო სტრუქტურებში, უნივერსიტეტებში, სავაჭრო ობიექტებში, სამედიცინო დაწესებულებებში, სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და საცხოვრებელ შენობებში განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების 48 შემთხვევა.
მან ისაუბრა მონაცემთა გასაჯაროების შესახებ, ასევე არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა დასაქმებულთა პერსონალურ მონაცემებზე.
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში სამსახურმა შეისწავლა შრომითი ურთიერთობის ფარგლებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების 10 შემთხვევა.
ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საქართველოს კანონპროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ავტორობით მომზადდა.
კანონპროექტით იზრდება მონაცემთა სუბიექტის უფლებები და მათი დაცვის გარანტიები; უმჯობესდება არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების პროცესი; უმჯობესდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავების წესები; გათვალისწინებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღება; მკაცრდება პასუხისმგებლობა მონაცემთა არაკანონიერი დამუშავებისთვის.
„2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრიორიტეტი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. შედეგად, საჯარო და კერძო სექტორის, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სკოლების, უნივერსიტეტებისა და სამედიცინო დაწესებულებების 600-ზე მეტ წარმომადგენელს მიეცა მონაცემთა დაცვის თემაზე ცოდნის შეძენისა და გაღრმავების შესაძლებლობა“, - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა.
სოფო კილაძის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შედგა. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელშეწყობისთვის“.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მიმართვიანობის მზარდი ტენდენცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები გაერკვნენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულ სამსახურს.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებები, ერთ-ერთმა ინიციატორმა, რატი იონათამიშვილმა წარმოადგინა.
აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის ვალდებულება საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე.
იგივე კანონპროექტში მითითებულია საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული ანგარიშის განხილვის თაობაზე.
მომხსენებლის განცხადებით, საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რათა გაჩნდეს დასახელებული ანგარიშის განხილვის სამართლებრივი საფუძველი და გაიწეროს შესაბამისი პროცედურები.
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ და თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა დეპუტატებს.
კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული დაბრკოლებების აღმოფხვრას, მუხლობრივად განიხილეს.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, ყველა კანონრპოექტი, რომელიც შშმ პირებს ეხება, მუშავდება ამ პირთა მაქსიმალური ჩართულობით. „ვფიქრობ, რომ ამით შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტი“, -აღნიშნა დეპუტატმა.
„რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს IX და X გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების“ პროექტი კომიტეტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გააცნო.
მისი თქმით, ანგარიშის მიზანია რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს მიერ კონვენციით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ.
მისივე განცხადებით, ანგარიშში წარმოდგენილია კომიტეტის დასკვნითი შეფასებების შესრულების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, რეკომენდაციები შემდეგი მიმართულებებით: ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და სიძულვილის ენასთან ბრძოლა, სათანადო დახარისხებული მონაცემების წარმოება, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობები, ბოშები და ქუჩაში მცხოვრები ბავშვები, საბჭოთა კავშირის პერიოდში იძულებით გადაადგილებული პირები, შრომის ინსპექცია, თავშესაფრის მაძიებლები.
„ანგარიშში საუბარია ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ეთნიკურ ქართველთა დისკრიმინაცია“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტი ერთ-ერთმა ინიციატორმა, მერაბ ქვარაიამ წარმოადგინა.
მისი ინფორმაციით, 2018 წლის 10 აპრილამდე სითი პარკის მიერ დაჯარიმებული ადამიანები საურავისგან გათავისუფლდებიან.
მან კომიტეტს გააცნო ასევე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანდართულ პაკეტთან ერთად.
წარმოდგენილი კანონპროექტი უკავშირდება დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვას.
„კანონპროექტის მიღებით კანონით დარეგულირდება რიგი ქმედებები, განისაზღვრება სამართალდარღვევად და დაწესდება შესაბამისი ჯარიმები, გაუმჯობესდება საჯარიმო ქვითრის თუ დადგენილების ჩაბარების წესი, ჯარიმების აღსრულებასთან დაკავშირებული მექანიზმი გაცილებით მოქნილი და ეფექტური გახდება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის წესების გაუმჯობესებას“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
დღესვე კომიტეტმა განიხილა „შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები“, რომელიც დიმიტრი ცქიტიშვილმა წარმოადგინა.
მისი მოსაზრებით, კანონპროექტის მიღება იქნება წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს შრომის სამართლის ევროპულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
კანონპროექტის მიღებით, საქართველო შეასრულებს „ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების მნიშვნელოვან ნაწილს. კანონპროექტი ხელს შეუწყობს შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტების განვითარებას, დახვეწასა და გაუმჯობესებას.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტებს.