იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს არის საკითხი, რომელიც გახდა მსჯელობის და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, თუმცა ფაქტია, რომ დღეს „ქართული ოცნების“ წევრები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, ყველა ესწრება კომიტეტის სხდომას. სამწუხაროდ, ჩვენ სხვა დაინტერესებულ პირებს პოლიტიკური საპარლამენტო ჯგუფებიდან, ვერ ვხედავთ. იმედია, ისინი შემოუერთდებიან ამ პროცესს. აღსანიშნავია, ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პროცესების სრული ნორმალიზებისთვის მიზანშეწონილი, სწორია და აუცილებელია ყველა იმ სუბიექტმა, ვინც ხელი მოაწერა შეთანხმების საკითხს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღოს და მხარი დაუჭიროს ამ პროცესს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
კანონპროექტი, რომელიც ახლებურად არეგულირებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროებით წესს, სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
„კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ამ დოკუმენტის პარლამენტის მიერ მიღების განსაკუთრებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობას, მათ შორის, პირველ რიგში, იმისთვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარების პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტმა გაატარა ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა. დეპუტატის განცხადებით, ერთი საკითხი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების ვადა.
„წარმოდგენილი კანონპროექტი ეხება შესაბამისი ვადის გადმოწევას. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის დანერგვას. ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ, სისტემა, რომელიც დაინერგება, იქნება შედეგობრივად იდენტური იმ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემისა, რომელიც ამოქმედდება 2024 წლიდან. კერძოდ, ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით და რაც შეეხება ჩვენს მიერ წარმოდგენილ სისტემას, ეს არის 120/30-ზე სისტემა 1%-იანი საარჩევნო ბარიერით. ის იძლევა, პრაქტიკულად, იდენტურ შედეგს მმართველი პარტიისთვის და ოპოზიციისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის წევრმა საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი არსი და დეტალები განმარტა. მისი თქმით, ინერგება ახალი გადანაწილება პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის - 120 დეპუტატი აირჩევა პროპორციული, ხოლო 30-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ასევე, შემოთავაზებულია 1 %-იანი საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის. ამას გარდა, ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი საარჩევნო სისტემაში. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ბლოკებისთვის დანერგილია დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ, რამდენი პარტიაც არის წარმოდგენილი ბლოკში, შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს.
„რაც შეეხება თვითონ მანდატების განაწილების ფორმულას, არის იმის იდენტური, რაც ჩვენ გვაქვს დადგენილი კონსტიტუციის ძირითად ტექსტში, ანუ, მრავლდება 120-ზე, იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე, რომლებიც ბარიერს გადალახავენ. რჩება გაუნაწილებელი მანდატები, თუმცა, ეს შეიძლება იყოს, როგორც წესი, 1-2 მანდატი, რომელიც დარჩება გაუნაწილებელი და ამ შემთხვევაში, ეს მანდატები განაწილდება უდიდესი ნაშთის პრინციპით, რაც არის ასევე შესაბამისობაში საუკეთესო დასავლურ და კონსტიტუციურ პრაქტიკასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ჩამკეტს, დეპუტატმა განაცხადა, რომ არის ფორმულირება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების პროცენტული წილი არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული პროცენტული წილისა და ამ წილის ¼-ის ჯამს.
ირაკლი კობახიძემ განმარტებები გააკეთა პოლიტიკური პარტიების არჩევნებში მონაწილეობის უფლებაზე, არჩევნებში მონაწილეობის წესსა და პირობებზეც. მან ასევე აღნიშნა, რომ მეშვიდე პუნქტში დადგენილია დროებითი რეგულაცია, რომლის მიხედვით, თუ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ეს არჩევნები აღნიშნულ კანონპროექტში გათვალისწინებული სისტემით გაიმართება.
„აქვე არის ერთი დათქმა, რომლის მიხედვითაც, ასეთ შემთხვევაში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადა არის არა 4 წელი, არამედ ამაზე ნაკლები. მაგალითად, თუნდაც, 2023 წელს რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ამ საარჩევნო სისტემით, ამ შემთხვევაში, შესაბამისი პარლამენტის უფლებამოსილების ვადაც კი იქნება ამ შემთხვევაში, 1 წელი“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მოხსენების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატების და არასამთვარობო ორგანიზაციების წევრების შეკითხვებს უპასუხა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კოლეგებს ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა და პოლიტიკური დიალოგის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების განსაკუთრებულ როლს ხაზი გაუსვა.
„29 ივნისს უნდა დასრულდეს სამივე მოსმენით ცვლილების მიღება. ყველას მოგიწოდებთ მაქსიმალურად მობილიზებული ვიყოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ამ ცვლილებებს. ეს არის ნამდვილად ისტორიული პროცესი და განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. რომ არა „ქართული ოცნების“ გუნდის მონდომება და სურვილი, რომ ამ პროცესში ვყოფილიყავით ჩართული, რა თქმა უნდა, ეს პროცესი ვერ შედგებოდა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კონსტიტუციური კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.