პიროვნულად ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას, იმიტომ რომ მებრძოლი, ვაჟკაცი ადამიანია, - ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში "დღის სტუმარი" განაცხადა.
მან ოპოზიციური ერთობის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე ისაუბრა. ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობა", უდიდეს პატივს სცემს ნიკა მელიას. იგივეს ამბობს ელენე ხოშტარიაზეც, თუმცა აცხადებს იმასაც, რომ მისთვის ზოგიერთი კანდიდატის წარდგენა "გაუგებარია".
გაუგებარია ჩემთვის ის კანდიდატები, რომლებიც ეხლა დააყენეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მომწონს ის პარტია, რომელშიც არის ელენე ხოშტარია, თავად ელენეს, ღიადაც დავუჭერ მხარს. იმიტომ, რომ ის არის მებრძოლი გოგო. მეორე, არ დავმალავ, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის "ნაციონალური მოძრაობა," პიროვნულად ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას. იმიტომ რომ ის არის მებრძოლი, ვაჟკაცი ადამიანი, - ამბობს ელისაშვილი.
შეგხსენებთ, რომ ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლებმა თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს წარადგინეს.
სია ასეთია:
- ვაკე - ელენე ხოშტარია, "ევროპული საქართველო";
- გლდანი - ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობა";
- ისანი - გიორგი ვაშაძე, "ახალი საქართველო";
- სამგორი - ლევან ხაბეიშვილი, "ნაციონალური მოძრაობა";
- მთაწმინდა - შალვა შავგულიძე, "თავისუფალი დემოკრატები";
- ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი, "ლეიბორისტული პარტია".
საერთო კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებზე ამ დრომდე გრძელდება.