არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ამ რეგულაციებით კიდევ ერთხელ გავამყარებთ ჩვენი საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას, მის დაცულობას და მის ჩატარებას თავისუფალ გარემოში

22 Jun 2020 18:47

„ხვალ გაიმართება არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მეორე კენჭისყრა, ხოლო მომდევნო კვირაში უკვე გაიმართება მესამე კენჭისყრა. ამით პარლამენტი სამჯერ განიხილავს და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სისტემაზე მსჯელობას დაასრულებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ,არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე.


არჩილ თალაკვაძის განცხადებით დატვირთული იქნება 23-26 ივნისს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომების დღის წესრიგი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხვალ გაიმართება არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მეორე კენჭისყრა, ხოლო მომდევნო კვირაში უკვე გაიმართება მესამე კენჭისყრა. ამით პარლამენტი სამჯერ განიხილავს და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სისტემაზე მსჯელობას დაასრულებს. მისივე თქმით, პარალელურად ინიციირდება საარჩევნო კოდექსში ცვლილებაზე პაკეტი, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებზეა დაფუძნებული. 


„დღეს ჩვენ გვქონდა სამსაათიანი სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობასთან, ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან არჩევნების დროს კოვიდის ინფექციის და უსაფრთხოების საკითხებზე, ამ პრობლემის მართვის საკითხზე. გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომელთა ასახვა ჩვენ მოგვიწევს კანონმდებლობაში და მე ვფიქრობ ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარებას. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრის, ვინაიდან ძირითად ამოცანებზე და მათი გადაჭრის გზებზე ამ საწყის ეტაპზე გამოჩნდა თანამშრომლობის სურვილი და ის, რომ პრაქტიკულად ყველა მხარე იზიარებს ამ პრობლემებს და მისი გადაჭრის პრინციპებს. ჩვენ ამ რეგულაციებით კიდევ ერთხელ გავამყარებთ ჩვენი საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას, მის დაცულობას და მის ჩატარებას თავისუფალ გარემოში. ეს რეგულაციები იქნება იმდენად მინიმალური, რამდენადაც ის უზრუნველყოფს ერთი მხრივ დაცვას და მეორე მხრივ არ შეზღუდავს საარჩევნო უფლებების განხორციელებას. ამისთვის ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია, მთავრობა და რა თქმა უნდა, ჩვენც, როგორც საქართველოს პარლამენტი ამას შევუქმნით სათანადო უზრუნველყოფას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ბიუროს წევრებს საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და კოვიდ-ინფექციის მართვასთან დაკავშირებული სიახლეებიც გააცნო.


ბიურომ 23-26 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილა. 


პლენარული სხდომა მეორე მოსმენით განიხილავს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგშია ასევე საკანონმდებლო პაკეტი „რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.


პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილება ორგანული კანონის პროექტი „ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . კანონმდებლები ასევე პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“.


ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დაარეგისტრირა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა.


მიმდინარე კვირაში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ- მინისტრის წლიური ანგარიშის განხილვა.



კომენტარები:

ფართი შოპი