გიორგი შაქარიშვილის გარდაცვალების საქმეზე “კურიერი” ახალ დეტალებს ასაჯაროვებს. ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ვახო ახვლედიანია. “კურიერი” სანდო წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ის აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა და ცენტრალურ მაგისტრალზე გადავიდა.
ვახო ახვლედიანს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა. სამხარაულის საექსპერტო ბიუროში მერსედესის მარკის ავტომობილის სამივე მგზავრიც იმყოფებოდა. მათი ადვოკატი მთელი კვირაა ამტკიცებს, რომ ისინი უბრალო გამვლელები იყვნენ და ჭკვიანმა კამერებმა დროის იმ მონაკვეთში დააფიქსირეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.
დღეს კი აღიარა, რომ “მერსედესისა” და “ტოიოტას” ავტომობილები ერთად გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის წერტილთან ახლოს გაჩერებულები იყვნენ, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილეობა სასტიკად უარყო.
“მერსედესის” მარკის ავტომობილის 3 მგზავრის გარდა, სამხარაულში ექსპერტიზა ჩაუტარდა ორ მორაგბეს, რომლებიც “ტოიოტას” მარკის ავტომობილით 18 ივნისის ღამეს გადაადგილდებოდა.
“კურიერს” სანდო წყარო უყვება, რომ შავი ფერის “ტოიოტაში”, ორი მორაგბის გარდა, კიდევ 4 პირი იჯდა. მათ შორის, ერთ-ერთი ძიუდოისტი და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილია, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე 20 ივნისსაც იმყოფებოდა.
გიგა ტატიაშვილი 2002 წელს დაიბადა და არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებულია.
მომხდართან დაკავშირებით მორაგბეების ადვოკატი ამტკიცებს, რომ ნარაკვევში ექვსივე მათგანი დაპირისპირების ამოწურვის შემდეგ ჩავიდა, უკანა გზაზე კი გურამ ამირხანაშვილი წამოიყვანა.
წყარო: რეზონანსი