ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი:
_ის, რაც დღეს ხდება რეჟისორ ქეთი დოლიძის წინააღმდეგ, არის არაჯანსაღი, არაკორექტული, სუბიექტური და მიკერძოებული კამპანია. ამ სტილში მუშაობდნენ თავის დროზე ე.წ. წითელი სადამსჯელო იდეოლოგები, რომლებიც მიზანმიმართულად ანადგურებდნენ და სპობდნენ საზოგადოების გამორჩეულ წარმომადგენლებს. ეს მანქანა მიადგება ყველას, ვინც მიუღებელი აღმოჩნდება ჩვენი დროის წითელი ჩინოვნიკებისათვის. ეს მანქანა გადაუვლის ყველას, მიუხედავად მისი ღვაწლის, დამსახურებისა და ნიჭისა. ამ მანქანას არა აქვს მუხრუჭი...
ერთადერთი მუხრუჭი საზოგადოების წინააღმდეგობაა, ამიტომ თუ დღეს ქეთი დოლიძე დარჩება მარტო, ეს მანქანა ხვალ მიადგება სხვა ქეთი დოლიძეს. ვფიქრობ, სწორედ ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა უნდა აღიმაღლონ ხმა. დგება მომენტი, როცა საარჩევნო შტაბებში მოკალათების პარალელურად, მოქალაქეობრივი, კოლეგიალური პოზიციის დაფიქსირებაა საჭირო. ქეთი დოლიძე არაა მარტო ცნობილი რეჟისორი, მას ვაფასებ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ როცა ქვეყანას უჭირდა, ბუჩქებში არასდროს მჯდარა. იბრძოდა, მოქმედებდა, აპროტესტებდა... ყველა წითელმა ჩინოვნიკმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ქეთი მარტო არაა.