საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება იწყება. პროექტის შედეგად ქართველი სამხედროების მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახდება და საგრძნობლად გაუმჯობესდება მათი კვების ხარისხი. ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მონაწილეებს დღეს მცხეთაში, პირველი ქვეითი ბრიგადის სასადილოში უმასპინძლა. სტუმრებმა სასადილოს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ქართული ჯარის კვების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ სიახლეებს გაეცნენ და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პროექტი, რომელიც თავდაცვის ძალების მზარეულების გადამზადებასა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად, 1 ივლისს წეროვანში, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში ოფიციალურად დაიწყება. სპეციალურად მოწყობილ საველე სამზარეულოში თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ სასადილოებში მომუშავე მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი მზარეულები ჩაუტარებენ. ლევან კობიაშვილი, ლუკა ნაჭყებია, მანუელ ფაუნდეს ბარანდა და შეფმზარეული მაია კაციაშვილი ქართულ ჯარში მომუშავე შეფმზარეულებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს 44 დღის განმავლობაში ჩაუტარებენ. პროექტის მონაწილეები ქართული ჯარის კვების რაციონის გამრავალფეროვნებაზეც იმუშავებენ და მენიუს ახალ კერძებს შემატებენ. პირველ ეტაპზე მომზადებას 30 მზარეული გაივლის, რის შემდეგაც მათ სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.
პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პროექტში მონაწილე მზარეულები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში განახორციელებენ, პროცესის მონიტორინგს კი, საქართველოს კულინართა ფედერაციიდან 4 დარგის სპეციალისტი ჩაატარებს.