ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯომარე გიგი წერეთელი ონლაინ ფორმატით ეუთოში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელს ჰაიკ კონჯორიანს ესაუბრა. საუბრის თემა შეეხებოდა ეუთოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებს. ასევე, სომხეთში არსებულ ვითარებას კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით და იმ სამუშაოს, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება ახორციელებს ეპიდემიის ჯანდაცვითი და ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად.
სომხეთის პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სომხეთში კვლავ მაღალია შემთხვევების რაოდენობა, დღეში რამდენიმე ასეულს აღწევს და ექსპერტების განმარტებით ეს ციფრები ახლოსაა პიკურ მაჩვენებელთან. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ასევე იმ სავარაუდო მიზეზებზე, რამაც გამოიწვია სომხეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავება. შესაბამისად, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხორციელდება ყველა ღონისძიება არსებული შესაძლებლობებით და პარალელურად შემუშავებულია რამდენიმე ათეული პროგრამა მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
გიგი წერეთელმა ხაზი გაუსვა ამ მძიმე პერიოდში მხარდაჭერისა და დახმარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონული ფორმატით. მან აღნიშნა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აქტიურად ფუნქციონირებს პანდემიის პერიოდში. ჩატარდა ათეულობით დისტანციური კონფერენცია და შეხვედრა ეუთოს თემატიკის გათვალისწინებით და რეგიონალური დიალოგის სერია ეუთოს წევრი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საპარლამენტო ლიდერებთან, მათ შორის, შედგა სატელეფონო საუბარი სომხეთის პარლამეტის სპიკერთან არარატ მირზოიანთან.
საუბრის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარება და პოსტ-პანდემიურ პერიოდში ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება.
სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს მისამართით მხარდაჭერისა და გაწეული ქმედითი დახმარებისათვის.
დისკუსიაში მონაწილეობდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა, ეუთოს კოპენჰაგენისა და ვენის ოფისის წარმომადგენლები.