გენადი მარგველაშვილი: „აბიტურიენტები, საგამოცდო ცენტრებში, კოვიდ ინფექციით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს“

07 Jul 2020 15:40

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი ქ. რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესს და COVID 19 -ით გამოწვეული პანდემიის  გავრცელების წინააღმდეგ, აბიტურიენტების უსაფრთხოების შესახებ ვითარებას ადგილზე გაეცნო.


„როგორც გუშინ ასევე, დღეს ვრწმუნდებით იმაში, რომ 6500-მდე აბიტურიენტი, რომლებიც მოდიან საგამოცდო ცენტრებში კოვიდ ინფექციით გამოწვეული პრობლემებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ერთადერთი ბარიერი, რომელიც მათ რჩებათ გადასალახი - ეს არის საგამოცდო ტესტი. მე მინდა ვუსურვო წარმატებები თითოეულ აბიტურიენტს, გრანტის გაუმჯობესების მსურველ სტუდენტებს. ჩვენთვის, ქვეყნისთვის, კრიტიკულად აუცილებელია რეალიზებული  და წარმატებული განათლებული თაობა“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.


მისი თქმით, პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებს თავს წარმატებით ართმევენ სახელმწიფო სტრუქტურები -  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, რომელთა დამსახურებით, აბიტურიენტები თავს აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობენ.                    





კომენტარები:

ფართი შოპი