თბილისში საბაგიროს ორი პროექტი განხორციელდება

08 Jul 2020 15:12

თბილისში საბაგიროს ორი - სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის პროექტები განხორციელდება.


როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მათგან პირველი სამგორი-ვაზისუბნის პროექტის განხორციელება იგეგმება.


„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის ძალიან ბევრი კომპონენტისგნ შედგება. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, იმისთვის, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი მოწესრიგებული და განახლებული იყოს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად ჩანაცვლებული გვექნება ყვითელი ავტობუსები. ასევე, მეტროს მიმართულებით გვაქვს დაწყებული მთელი რიგი პროექტები - მეტროს ვაგონების განახლება, ახალი შემადგენლობების შესყიდვა. ზოგადად, როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და მიმართულება, ესაა საბაგიროს პროექტების განხორციელება. 2016 წელს, მერიის დაკვეთით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია „სისტრამ“ საბაგირო ტრანსპორტის შესახებ მთელი ქალაქის მასშტაბით კვლევა ჩაატარა. მისი მიზანი იყო, პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირება მომხდარიყო, რომელიც თბილისში საბაგირო ხაზების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ როდესაც მუშაობა დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, გამოვიყენეთ ეს კვლევა და ადგილობრივ კომპანია „გეოგრაფიკს“ დავუკვეთეთ კონკრეტული დერეფნების გამოყოფა, სადაც შესაძლებელია, საბაგიროს პროექტების განხორციელება. 2016 წლის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ახმეტელი-თემქის, სამგორი-ვაზისუბნისა და სამება-მახათას მთის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური საბაგირო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა. ამ 12 დერეფნიდან გამოიკვეთა ორი კონკრეტული არეალი, სადაც ყველანაირად მიზანშეწონილია ახალი საბაგირო პროექტების განხორციელება. ეს არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს პროექტის განსახორციელებლად,  თანხები უკვე გამოყოფილია.



კომენტარები:

ფართი შოპი