ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მიზნით

11 Jul 2020 17:28

ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მიზნით. ამის შესახებ ევროკომისიის რიგით მესამე ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. დოკუმენტში შეფასებულია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მიზნით დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები.


ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად აღებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ეხება გვარის შეცვლის წესის ცვლილებას და იმ მსჯავრდებული პირების ქვეყნიდან გასვლის რეგულაციების გამკაცრებას, რომელთა მიმართაც გამოყენებულია არასაპატიმრო სასჯელი.


ანგარიშში, ასევე, საუბარია ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს მიერ  გადადგმულ ნაბიჯებზე.


ანგარიშის თანახმად, საქართველო აგრძელებს ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებას, რომლებიც ეფუძნება 2019-2020 წლების საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და მისი განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმას. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავდა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა დასავლეთის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება, საერთაშორისო მისიების რეკომენდაციები, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები და ანალიზი.


ევროკომისიის ანგარიში ხელმისაწვდომია ელექტრონულ მისამართზე: https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/IP_20_1327?fbclid=IwAR3uLuYQdyz4BLop4OG5HnBv8oZNq7lVh63ofOq-ftPn3myRRnrBGi0cWg4   



კომენტარები:

ფართი შოპი