ნათია თურნავა: საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე მუშაობას ვაგრძელებთ

14 Jul 2020 14:47

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს შეხვდნენ, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს.


მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზენტაციის სექტორულ ნაწილში ასახულია ხელისუფლების წინადადებები.


„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პოსტკრიზისულ გეგმაზე და სტრატეგიაზე, რაც მოიცავს ძალიან კომპლექსურ ღონისძიებებს, როგორც მაკროეკონომიკური ისე ფისკალურ და, რაც მთავარია სექტორულ ნაწილში, რაც თავის მხრივ ინვესტიციების წახალისებას ითვალისწინებს და ამ კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გვექნება.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), რომლის დახმარებით, მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა. ჩვენ მოვისმინეთ მათი პრეზენტაცია სექტორულ ნაწილში, კარგია, რომ ჩვენი ბევრი წინადადება არის ასახული და ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ხარისხის დოკუმენტი გვექნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.


საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმებზე USAID-ის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. შეხვედრები რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება. სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ანალიტიკოსები და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები.



კომენტარები:

ფართი შოპი