მაია ცქიტიშვილი: არ შეიძლება, ქვეყანა მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე იყოს დამოკიდებული

14 Jul 2020 15:04

 

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ უწყების გეგმებსა და მათ განხორციელებაზე ისაუბრა.


„ჩვენ ვგეგმავთ წინასწარ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ორთვიანი, სამთვიანი პროცესი გვქონდა „კოვიდთან“, რომელმაც შეგვაჩერა, ჩვენი გეგმები არის უფრო გრძელვადიანი, „კოვიდს“ გეგმებზე არ უმოქმედია. როდესაც ჩამოთვალეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს სფეროები – საერთაშორისო ავტომაგისტრალები, ახალი საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობა – რიკოთი, აღმოსავლეთ დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, ჩრდილოეთ-სამხრეთი, ეს არის ხერხემალი, რომელიც „კოვიდმა“ უფრო დაგვანახა, რამდენად გვჭირდება ასეთი ტიპის მაგისტრალები, გამართული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ლოგისტიკური ჯაჭვების კარგად მუშაობა, როდესაც საგანგებო ვითარებაში გიწევს ქვეყანას ფუნქციონირება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მეორე ნაწილია საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივი გზები.


„როდესაც შიდა გზებზე ვსაუბრობთ, მაგალითად, საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზა, ეს არის ის აუცილებელი კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს დაახლოებით საათით, საათ-ნახევრით უფრო სწრაფ მგზავრობას თბილისიდან რაჭამდე. ასევე, როდესაც ვსაუბრობთ „კოვიდზე“, ალბათ, „კოვიდმა“ ძალიან კარგად გამოაჩინა, რა შეიძლება, იყოს პრიორიტეტები. ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ თურმე შიდა ტურიზმი აუცილებელი ყოფილა. აუცილებელია, რა თქმა უნდა, უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდა, მაგრამ არ შეიძლება, ქვეყანა იყოს დამოკიდებული მხოლოდ უცხოელ ტურისტებზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



კომენტარები:

ფართი შოპი