"ერთადერთი მოტივაცია ვადის გადაწევის არის ის, რომ ელემენტარული მექანიზმი გვქონდეს სახელმწიფოს და მთავრობას, რომ როგორც აქამდე ეფექტიანად წარვმართეთ სწორი მენეჯმენტით პროცესი, რომლითაც მართლაც ვამაყობთ დღეს მთელი მსოფლიოს წინაშე, ასე გავაგრძელოთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვისას, რომლის თანახმადაც მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, მთავრობას ახალი ვადით ეძლევა შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, როდესაც ადამიანები რაღაცას აკრიტიკებენ, დეპუტატები განსაკუთრებით, ალბათ უნდა ჰქონდეს ალტერნატიული ვარიანტი, დღეს კი ოპონენტები არაფერს გვთავაზობენ.
„ძალიან მარტივად, ყველასთვის გასაგებ ენაზე ვსაუბრობთ, სპეკულაციას რომ თავი დავანებოთ, რა უნდა გავაკეთოთ? არ გვქონდეს არანაირი მექანიზმი, თუ მაგალითად, ეს რომ მოხდეს, სექტემბერში იძულებული გავხდეთ, რომ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა იმისათვის, რომ მერე გადაიდოს არჩევნები, მერე კიდევ რაღაცა უბედურება დაგვემართოს, არ ჩავატაროთ არჩევნები? კითხვას ვსვამ, გინდაც რიტორიკული დაარქვით ამ კითხვას და გინდაც რაციონალური. რეალურად გვიწევს, რომ გვქონდეს ელემენტარული შეზღუდვები საიმისოდ, რომ გვქონდეს კოვიდ19-თან ბრძოლის ელემენტარული იარაღი, არ ვითხოვთ ბომბებს და მძიმე არტილერიას, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამოიყენება, რა თქმა უნდა, გადატანითი ალეგორიული მნიშვნელობით.
ვითხოვთ ელემენტარულ შეზღუდვებზე გაგრძელებას. ამაზე ხომ შეიძლება ჩამოვყალიბდეთ და ვთქვათ, კი ბატონო, როგორც აქამდე არ გამოუყენებია მთავრობას ბოროტად და რა ვიცი დიქტატურას აანონსებდით, ხომ გახსოვთ რას ამბობდნენ - როგორც კი ამას მივიღებთ, ამ ქვეყანაში დამყარდება დიქტატურაო, სერიოზულად ლაპარაკობდნენ. ასეთი დეპუტატები არსებობდნენ, რომ ამბობდნენ, არიქა დიქტატურა მყარდებაო. ახლა გრძელდება ეს დიქტატურა და ასეთი დიქტატურა გაგრძელდება როგორიც იყო. ამიტომ მგონია დიდი კამათიც არ სჭირდება რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, გვჭირდება ამ ბრძოლაში ელემენტარული მექანიზმი და ეს ელემენტარული მექანიზმი როგორც აქამდე იყო გამოყენებული, ასე გაგრძელდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.