უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამების გამო საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის დაბარების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, სააკაშვილის გარშემო ვითარება სამწუხაროა, ვინაიდან, უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს პოზიციის გახმოვანების უფლებამოსილება, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არჩევნების წინ არსებულ სიტუაციაზე.
„ყოველი მისი განცხადება მთავრდება იმით, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ და იქ მას ბატონი სააკაშვილის განცხადებების გამო უკმაყოფილებას უცხადებენ. დისბალანსი შემდეგშია – კერძო პირი გამოდის, ხოლო პასუხის გაცემა სახელმწიფოს უწევს.
უკრაინას ესმის საქართველოში შექმნილი „სენსიტიური სიტუაცია“ არჩევნების წინ და აფასებს ქართველ პარტნიორებთან მეგობრობას. ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთობები დასტაბილურდება, რადგან კერძო პირის განცხადებები ვერ დაანგრევს ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია მაქსიმალურად მკაფიოა, ბატონი სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოში სიტუაციასთან დაკავშირებით თავის კომენტარებში ის არ წარმოადგენს უკრაინის პოზიციას“, - განაცხადა დმიტრი კულებამ.