საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას თავისი განცხადებებითა და მოქმედებებით სერიოზულ უხერხულობას უქმნის, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში გამოხატული პოზიციით, არამედ ზოგადად, ექსცენტრიულობით, თავისი მკვახე საუბრით.
„ვფიქრობ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება მოსალოდნელიც იყო, რადგან ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული, დიპლომატიური ეტიკეტის დაცვის აუცილებლობა, რაც ახლა მინისტრმა გამოხატა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის დაბარებას გამოეხმაურა. მინისტრის განაცხადებით, სააკაშვილის გარშემო შექმნილი სიტუაცია მწუხარებას იწვევს, რადგან „უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია უფლება და უფლებამოსილება, წარმოადგინოს სახელმწიფოს პოზიცია, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ არჩევნების წინ“.